ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამჟამად კლინიკაში 47 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება, რადგან მისი სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა.
,,უკვე ერთი კვირაა, რაც ჩვენთან იმყოფება ეს პაციენტი, მისი მდგომარეობა კრიტიკულია, იმიტომ რომ ჟანგბადდამოკიდებულია, ის არაინვაზიურ ვენტილაციაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა როგორც ასაკის, ისე თანარსებული დაავადებების გათვალისწინებით. ამ ერთი კვირის განმავლობაში ჯერჯერობით სტაბილიზაცია ვერ იქნება მიღებული, დაავადება მცირედ, მაგრამ როგორც კლინიკის, ისე ლაბორატორიული მონაცემების მხრივ პროგრესირებს, ამიტომ ჯერჯერობით პროგნოზირებაზე ლაპარაკი შეუძლებელია”,- ამბობს ეზუგბაია.
მისივე თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
ეზუგბაია აღნიშნავს, რომ დღეს დამატებული ყველა პაციენტის წყარო ცნობილია, მათგან 6 საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს.
საქართველოში დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 615-ია, მათგან 275 გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა.