1 პაციენტი დღეს გაეწერება, სავარაუდოდ, კიდევ 15-16 ადამიანი დატოვებს კლინიკას – რატიანი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, დღეს კლინიკიდან 1 პაციენტი გაეწერება, ხოლო თუ განმეორებითი ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება, კიდევ 15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას.

ამ ეტაპზე კლინიკაში არის 105 პაციენტი, აქედან 86 არის ინფიცირებული შემთხვევა. დღეს ეწერება ერთი პაციენტი. გუშინ გაგზავნილი იყო რამდენიმე ათეული ანალიზი და მოვიდა უარყოფითი პირველადი პასუხი. დღეს მეორადი ანალიზია გაგზავნილი და ველოდებით პასუხს და ალბათ, 15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას, თუ უარყოფითი პასუხი მოვიდა.

რეანიმაციაშია რვა პაციენტი. ყველას მდგომარეობა ამ ეტაპზე უარყოფითი კლინიკის გარეშეა. გვყავდა პაციენტი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, ის რჩება მართვით სუნთქვაზე. რაც შეეხება დანარჩენების მდგომარეობას, ისინი იმყოფებიან სხვადასხვა განყოფილებებში. არ ვლინდება გართულებები. ველოდებით ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხებს. ახალი შემთხვევა არ გვყოლია“,- განაცხადა რატიანმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 156 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.