“სიახლე რაც გვაქვს, ვიწყებთ კიდევ ერთ პროექტს, EBRD-ის მხარდაჭერით, მათი დაფინანსებით, ესაა ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის რეაბილიტაცია ბელიაშვილის ქუჩაზე, რომელიც მოსაწესრიგებელია. შესაბამისი ხელშეკრულება თბილსერვის ჯგუფსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმებულია. ერთი წლის განმავლობაში კონტრაქტორმა კომპანიამ უნდა შეასრულოს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. შედეგად დედაქალაქს ექნება უსაფრთხო, მოდერნიზებული და ლოჯისტიკურად უფრო გამტარი გადამტვირთავი სადგური. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცილინდრული ტიპის დანადგარები საპრესი მოწყობილობით, რაც საგრძნობლად დააჩქარებს და ოპტიმალურს გახდის ნარჩენის გადატვირთვის პროცესს, გაზრდის ნარჩენების გადაზიდვის ეფექტიანობას და შეამცირებს სუნს, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ასევე, მოეწყობა მოდერნიზებული სამრეცხაო, სპეცტექნიკისთვის განკუთვნილი პარკინგი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. ამისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული არის 4 410 000 ევრო.[…] რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება დიდი ლილოს პოლიგონზე. ამ პროექტებს შორის არის მასალების აღმდგენი ობიექტისა და მექანიკური ბიოლოგიური საწარმოს მშენებლობა, რაც, ფაქტობრივად, ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების დაწყების საფუძველი იქნება. ამ პროექტის განხორციელების მიზნით, EBRD-თან სასესხო შეთანხმებას ამ თვეში უკვე ხელს მოვაწერთ. პარალელურად მიმდინარეობს საერთაშორისოსაკონსულტაციო ჯგუფის შერჩევა, რათა მოხდეს სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა. პროექტის ბიუჯეტი 26 000 000 ევროა.

ასევე ლილოს პოლიგონზე იგეგმება ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა, რაც ამ კუთხით დღეს არსებულ პრობლემას მოაგვარებს. შესაბამისი სამუშაოების ტენდერი ამ კვარტლის ბოლოს იქნება უკვე გამოცხადებული. სავარაუდო ბიუჯეტი არის 6 255 000 ევრო.

ლილოს პოლიგონზე იგეგმება გაზშემკრები სისტემის მოწყობაც. პროექტის ფარგლებში გადაიხურება ნარჩენების განსათავსებელი არსებული უჯრედი, ხოლო მოქმედი თუ დახურული უჯრედებისგან შეგროვდება გაზი, მეთანი”

განაცხადა, მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ.