ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი მოათავსეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პაციენტი ინფექციურში მოთავსებული სხვა პაციენტის კონტაქტია და მისი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია.
“გვაქვს 593 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული 215 გვყავდა, დაგვემატა 8 და არის 223. დღეის მდგომარეობით, კოვიდცენტრებში 361 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან შემოვიდა 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ისიც ჩვენთან მყოფი პაციენტის კონტაქტია. ამ ეტაპზე ჩვენ გვიწევს 55 დადასტურებული შემთხვევა და გუშინ დაგვემატა 2 გამოჯანრმრთელებული, ჩვენი ცენტრიდან უკვე 71 გამოჯანმრთელებული პაციენტია გაწერილი. ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალოზე მსუბუქია, ვნახოთ, დინამიკა როგორი გვექნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კრიტიკულ პაციენტს, მისი თქმით, ამ პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ ხერხდება.
“გვყავს კვლავ 1 კრიტიკული პაციენტი, რომელსაც აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე პნევმონია, არის ჟანგბადდამოკიდებული, მას აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე თანარსებული დაავადებები, ეს არის შაქრიანი დიაბეტი და მძიმედ გამოვლენილი ჰიპერტონული დაავადება. არსებული მკურნალობის ფონზე ჯერჯერობით, მდგომაროების სტაბილიზირება ვერ ხერხდება და ვნახოთ, დინამიკაში რა სიტუაცია იქნება. 7 მძიმე პნევმონია გვრჩება, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია, ამ ორი დღის განმავლობაში მათი დინამიკა გაუარესებისკენ არ არის, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.