10-დღიანი ვადა გავიდა, მე დილიდან ვიქნები რუსთაველის ძეგლთან – ვასაძე ”ღირსების მარშზე”

10-დღიანი ვადა გავიდა, რომელიც შევუთვალეთ ხელისუფლებას „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით.  5 ივლისს ყველას მოგიწოდებთ, რომ მივიდეთ რუსთაველის გამზირზე, მე დილიდან ვიქნები რუსთაველის ძეგლთან, – ამის შესახებ ანტი-ლგბტქ მოძრაობის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ და  საზოგადოებრივი მოძრაობა „ერის“ ლიდერმა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ამ უმსგავსობის ჩატარება 12:00 საათზე უნდათ და ჩვენ ამას აღვუდგებით წინ, მოვუწოდებ მთავრობას, გააუქმოს ეს ღონისძიება, რათა თავიდან აიცილოს ეს სოციალური დაძაბულობა. მსგავსი ღონისძიებები დაუშვებელია ჩვენს რეგიონში ის სპობს ნებისმიერ რეინტეგრაციის პერსპექტივას ჩვენს ძმებთან – ოსებთან და აფხაზებთან, არცხვენს საქართველოს სახელს მთელ რეგიონში…ეს არიან დაფინანსებული, ხელფასზე მოქმედი ჭინკები, რომლებიც ჯამაგირს იღებენ ყოველგვარ უმსგავსო საკითხებში, ჩვენი ხელისუფლება უბრალოდ ვალდებულია, რომ გაითვალისწინოს ეს ყველაფერი, ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც იქ შეიძლება მოხდეს, არის ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობა და იმედს ვიტოვებ, რომ მოუხმობენ კეთილგონიერებას და აღკვეთენ ამ სრულიად დაუშვებელ ღონისძიებას.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ მეც მოვიდე იქ, ისევე როგორც ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ოჯახი და ტრადიცია. ყველას გთხოვთ დაპირისპირების შემთხვევაში არ დაარტყათ მათ ხელი და მხოლოდ გაიყვანოთ პროვოკაციის ადგილიდან. ძალოვნებს მინდა ვთხოვო, არავითარ შემთხვევაში არ გამოესარჩლონ უზნეობის ზეიმს საქართველოში. არანაირი ჯამაგირი არ გიღირთ თქვენი ქვეყნის შერცხვენად, თუ ეს ჩვენი პოლიტიკოსები ასეთ უსამართლო ბრძანებას მოგცემენ, ნუ შეასრულებთ მას და გაიწიეთ გვერდზე, რადგან ეს არ არის თქვენი საქმე. მოვუწოდებ უცხოური ქვეყნების ელჩებს, განსაკუთრებით კი დასავლური ქვეყნების ელჩებს, რომლებმაც ტრადიციად გახადეს ქართული ტრადიციების დაცინვა და ხელყოფა, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას საქართველოს, მის ეკლესიას, დარჩით თქვენს საელჩოებში და ნუ გაერევით ამ პროვოკაციაში, სიბინძურეში“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ცნობისთვის, 5 ივლისს, თბილისში ლგბტქ „ღირსების მარში“ გაიმართება. მარშის, დაანონსებიდან მალევე ვასაძემ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. 15 ივნისს მან „ქართული ოცნებას“ 10-დღიანი ვადა მისცა მარშის გასაუქმებლად