10 დღის წინ გადავწყვიტეთ, რომ აღარ ყოფილიყო კანდიდატი – მდინარაძე ელოშვილზე

ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმიანება ყაზბეგში მათი მერობის კანდიდატის, შალვა ელოშვილის განცხადებას, რომ ის არ აპირებს მმართველი პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილებას.

მდინარაძის მტკიცებით, მათ 10 დღის წინ გადაწყვიტეს, რომ ელოშვილი კანდიდატი აღარ ყოფილიყო.

“შალვა ელოშვილი ამბობს, რომ ტოვებს გუნდს და ისეთ ინტერპრეტირებას უკეთებს ამ განცხადებას, თითქოს ის მერობის მოქმედი კანდიდატია. ეს არაა სიმართლე. დაახლოებით 10 დღის წინ პარტიაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის აღარ ყოფილიყო კანდიდატი. ეს იყო 62 კანდიდატიდან ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ მერობის კანდიდატის ჩანაცვლება მოგვიწია – ბაკურ ავსაჯანიშვილის კანდიდატურით.

ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობდა ყაზბეგში ჩვენი აქტივისტებისა და მხარდამჭერების არაერთგვაროვანი დამოკიდებულებიდან. უკვე 9 აგვისტოს, როდესაც IRI-ის ორგანიზებით მერობის კანდიდატებთან ტრენინგები გაიმართა, ამ ტრენინგს ელოშვილი უკვე აღარ ესწრებოდა. მისი განცხადების იმგვარი ფორმით წარმოჩენა, რომ ის „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და ამის გამო აღარაა მერობის კანდიდატი, არ არის სწორი. რაც შეეხება პარტიიდან მის ​წასვლას, ეს გამოწვეულია განაწყენებით პარტიაზე“, – განაცხადა მდინარაძემ “იმედთან” საუბრისას.

შალვა ელოშვილი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ყაზბეგში მერობის კანდიდატად დაასახელა, აცხადებს, რომ მმართველი პარტიის კანდიდატი აღარ იქნება და პარტიას ტოვებს. მისი თქმით, გუნდის შიგნით ადამიანები “უპატიოსნო გზით, დეზინფორმაციის გავრცელებით იბრძვიან ძალაუფლებისთვის”.