10 მიზეზი რატომ ვერ მოიგებს რუსეთი ომს უკრაინაში

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი გიგა ჯოხაძე იმ მიზეზებს ასახელებს, თუ რატომ ვერ მოიგებს რუსეთი ომს უკრაინაში.

”1. რუსებმა უკვე დაკარგეს 45 000+ ჯარისკაცი. ომის კანონები გვკარნახობს, რომ მინიმუმ 3 ამდენი დაჭრილი ან რაიმე სხვა მიზეზით ბრძოლიდან გამოთიშულია. გამოდის, რომ მინიმუმ 150 000 მებრძოლი (რაც უკრაინაში არსებული რუსული ჯარის ნახევარზე მეტია) ამჟამად უმოქმედოა. ჯარში ახალწვეულების რეკრუტირების პროცესი არაეფექტურად მიმდინარეობს, რადგან რუსეთის მოქალაქეებს არ სურთ ისეთ ომში წასვლა, საიდანაც დიდი ალბათობით ვეღარ დაბრუნდებიან. დაძალებით სულ რომ მილიონი ადამიანი წაიყვანონ ბრძოლის ველზე, ყველა საზარბაზნე ხორცი იქნება, რადგან მათ არც ბრძოლის მოტივაცია და არც შესაბამისი სამხედრო მომზადება ექნებათ.

2. შემოდგომაზე ამოქმედებას დაიწყებს ლენდლიზი და დროთა განმავლობაში უკრაინაში მეტი დასავლური შეიარაღება შევა. შეხედეთ რა ეფექტურად იყენებს უკრაინა ომში შეზღუდულ რესურსებს და მიხვდებით, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინისადმი გადაცემული დასავლური შეიარაღების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება.

3. რუსებმა ომის ყველაზე აქტიურ ფაზაშიც კი ვერ შეძლეს დონბასის რეგიონის ნახევარზე მეტის აღება. ახლა ისინი თავდაცვის რეჟიმში არიან გადასულები და არათუ ტერიტორიული წინსვლა, არამედ აღებული პოზიციების შენარჩუნებაც გაუჭირდებათ.

4. ომიდან ექვსი თვის თავზე პირველად სტრატეგიული ინიციატივა უკრაინის ხელში გადავიდა. ომის პირველ და მეორე ეტაპზე, ეს ინიციატივა კრემლის ხელში იყო, უკრაინელები კი თავს იცავდნენ. ახლა ყველაფერი საპირისპიროდ ხდება, ხერსონში მიმდინარე კონტშეტევა ამის მაგალითია. თავდაცვის რეჟიმში ყოფნა უკვე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რუსულ მხარეს სერიოზული ტერიტორიული წინსვლა ვეღარ ექნება. ომს თავდაცვაში მყოფი მხარე მხოლოდ იმ შემთხვევაში იგებს, თუ მას საკმარისი სტრატეგიული რესურსი აქვს საიმისოდ, რომ შემტევი მხარე გამოფიტოს. უკრაინას დასავლური რესურსი უმაგრებს ზურგს, რუსეთის რესურსები კი დროთა განმავლობაში შემცირდება.

5. რუსი ჯარისკაცების საბრძოლო მოტივაცია ომის დასაწყისშივე არ იყო მაღალი, თუმცა, უკრაინის მიერ ყირიმზე და ხერსონზე მიტანილი სარაკეტო იერიშების შემდეგ არმიის დიდი ნაწილი სრულიად დემორალიზებულია. ასეთი დემორალიზებული არმიით ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოსთან ომის მოგება ძალიან რთულია.

6. გავლენიანი გამოცემები ამბობენ, რომ რუსულ არმიაში კორუფცია ისევ სერიოზული პრობლემაა. კორუფცია აჩანაგებს არმიის სამხედრო შესაძლებლობებს და ძირს უთხრის პუტინის რეჟიმის ინტერესებს.

7. ევროპული სახელმწიფოების ნაწილმა უკვე უარი თქვა რუსულ გაზზე, ნაწილი კი ისევ ცდილობს ალტერნატიული გზების მოძიებას. ამ მხრივ მნიშვნელოვანი წინსვლაა ალჟირისა და აზერბაიჯანის მიმართულებით. ამ უკანასკნელმა ხელშეკრულებაც გააფორმა ევროპის კავშირთან, რომლის მიხედვით ბაქო უახლოესი 5 წლის მანძილზე ევროპაში გატანილი გაზის რაოდენობას გააორმაგებს. ენერგეტიკული თვალსაზრისით, ზამთარი ევროპისთვის საკმაოდ მძიმე იქნება, ამიტომ აშშ-მა საკუთარ თავზე უნდა აიღოს ევროპის ენერგომომარაგება მაქსიმალურად შეღავათიან ფასად.

8. რუსეთის ფედერაციას აღარ აქვს ომის შემოტრიალების ეკონომიკური რესურსი. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდება შემოდგომაზე და ზამთარში, როდესაც რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები რეალურ მოქმედებას დაიწყებს. ამაზე საუბრობენ წამყვანი ეკონომისტები და გავლენიანი ეკონომიკური გამოცემები. ერთი შეხედვით, კრემლი ამ სანქციებს ჯერ ნორმალურად უმკლავდება, თუმცა, სანქციებს გრძელვადიანი ეფექტი აქვს და დროთა განმავლობაში კრემლის ეკონომიკას მძიმე დღეში ჩააგდებს.

9. რუსეთი ამ ომში მოკავშირეების სიმწირეს განიცდის. ბელარუსიც კი არ ჩაერთო ომში მოსკოვის სასარგებლოდ და თუ ეს ომის საწყის ეტაპზე არ გააკეთა, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ამ ომში ახლა ან მომავალში ჩაერთოს. ერთადერთი დიდი სახელმწიფო, რომელიც კრემლისადმი ლოიალურადაა განწყობილი ინდოეთია, რომელსაც საერთაშორისო წესრიგის შეცვლის ძალა არ აქვს. პუტინმა ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც აბსოლუტურად მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ წავიდა. სტალინიც კი ითვალისწინებდა მსოფლიო წესრიგს და ჰყავდა ძლიერი მოკავშირეები, რომლებიც მას მეორე მსოფლიო ომში სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით ეხმარებოდნენ. პუტინმა ფაქტობრივად მთელ მსოფლიოს ომი გამოუცხადა. მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ კი ომს ვერასდროს მოიგებ, სულ რომ სისტემის ჰეგემონი იყო.

10. კრემლზე საერთაშორისო წნეხი საკმაოდ ძლიერია. ცივილიზებული მსოფლიო ომში რუსეთის დასამარცხებლად ერთდროულად სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ და სხვა მრავალ ინსტრუმენტს იყენებს, რაც კრემლს საერთაშორისო სისტემაში მნიშვნელოვნად ასუსტებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ წნეხის ინტენსივობა უახლოეს მომავალში შესუსტდეს.”- აცხადებს გიგა ჯოხაძე.