10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება. როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, პარკირება უფასო იქნება პეკინსა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ასევე შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის.
„მინდა შევეხო ზონალური საათობრივი პარკირების პროექტს, ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გვაქვს განხორციელებული კონკრეტულ ქუჩებზე პროექტები, როგორც კოტე აფხაზის, ასევე ორბელიანის მიმდებარე ქუჩებზე და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. მთავრობის წინა სხდომაზეც ვისაუბრე, რომ შემდეგი ეტაპი არის პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა მივუწოდო მოსახლეობას, რომ იაქტიურონ, რათა მოხდეს მათი კერძო ავტომობილების დარეგისტრირება სისტემაში, რადგან პეკინის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები ადამიანებისთვის, ვისაც ჰყავს კერძო ავტომობილები, მათთვის პარკირება იქნება უფასო. ასევე პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისთვის და მათთვის, ვისაც ჰყავს ელექტრომობილები, ხოლო მათთვის, ვინც შემოსული იქნებიან სხვა უბნებიდან, პირველი 15 წუთი არის უფასო და შემდეგ რა თქმა უნდა, იქნება გადასახადი, როგორც ეს გვქონდა წინა შემთხვევებში. რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, ყველა უბანში და რაიონში იქნება ანალოგიური დამოკიდებულება, თუმცა, განსხვავებული იქნება რაიონების მიხედვით პარკირების საფასურის გადახდა. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ადგილობრივ მოსახლეობას, რადგან 10 სექტემბრიდან ძალაში შედის ზონალური საათობრივი პარკირების ამოქმედება, ჩემი თხოვნა იქნება, რომ იაქტიუროთ. არის განთავსებული საინფორმაციო ჯიხურები, სადაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ჩვენი თანამშრონლები ყველანაირად დაგეხმარებიან თქვენი კერძო ავტომობილის დარეგისტრირებაში. ასევე, მოგაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას, თუ როგორ ფუნქციონრებს ზონალური საათობრივი პარკირება,”- განაცხადა კახა კალაძემ.