“ნაციონალური მოძრაობა” რომ რევოლუციისთვის ემზადება, ეს ხომ ახალი არ არის? ჩვენ ხომ 10 000 საბურავი გვაქვს დამალული პარლამენტის სარდაფებში? – “ქართული ოცნება” ჯერ ვიღაცებს ააწკავწკავებს და მერე თავად იტყვის ამას,- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ გამოთქმული ბრალდებების კომენტირებისას აღნიშნა. როგორც მან აღნიშნა, “რევოლუციის მოლანდებებში” 8 წელი გაილია და ამის არავის სჯერა.
“ქართული ოცნება” ჯერ ვიღაცებს ააწკავწკავებს და მერე თავად იტყვიან ამას – ეს ხომ ახალი არ არის და “ნაციონალური მოძრაობა” რომ რევოლუციისთვის ემზადება, ეს ხომ იცის “ქართულმა ოცნებამ”. ჩვენ ხომ 10 000 საბურავი გვაქვს დამალული პარლამენტის სარდაფებში და მეორე 10 000 კიდევ სხვაგან. ამ რევოლუციის მოლანდებებში გაილია 8 წელი. ეს არავის სჯერა. რევოლუცია არჩევნებში გამარჯვება იქნება. 8-წლიანი წარუმატებელი და დამნაშავე რეჟიმი შეიცვლება. თუ ამაში გულისხმობენ რევოლუციას – დიახ, ხელისუფლების შეცვლა რევოლუციის ტოლფასი იქნება, რადგან ჩამოშლილი და დამყაყებული ქვეყანის შემოქმედი თუ ისტორიის სანაგვეზე წავა, დიახ, ეს არის რევოლუციის ტოლფასი. დიახ, ჩვენ ვაპირებთ რევოლუციურ ნაბიჯებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ,”- განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი გიგაურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“და მისი კლასტერი“ რევოლუციისთვის ემზადება, რის საშუალებასაც მათ „ქართული მარში“ არ მისცემს.