შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ყოფილი ლიდერი და მთავრობის ყოფილი მეთაური, ამჟამად კი რუსული ტელეარხის, Russia Today-ს წამყვანი, ალექს სალმონდი 10 ქალის გაუპატიურების მცდელობისა და შევიწროების ბრალდებაში სასამართლომ გაამართლა.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დაასკვნა, რომ სალმონდი 12 ბრალდებიდან არცერთში დამნაშავე არ არის. კიდევ ერთი ბრალდება გაუპატიურების მცდელობაში დაუსაბუთებლად ცნო. (შოტლანდიელ ნაფიც მსაჯულებს აქვთ უფლება ასეთი ვერდიქტი გამოიტანონ, რომლის პრაქტიკული შედეგები იგივეა, რაც ვერდიქტისა “უდანაშაულოა“).
პოლიტიკოსი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა.
ადრე საქმეში ფიგურირებდა კიდევ ერთი ქალის სექსუალური შევიწროება, თუმცა ბრალდებამ გადაწყვიტა ეს ეპიზოდი საქმეში არ ჩაერთო. სალმონდის სასამართლო ორ კვირას გრძელდებოდა.
ქალებს შორის, ვინც მას ადანაშაულებდა იყვნენ მისი პარტიის წევრი პოლიტიკოსი ქალები, პარტიის აპარატის თანამშრომელი და ასევე რამდენიმე მოქმედი და ყოფილი შოტლანდიელი სახელმწიფო მოხელე. ყველა მის მიმართ წამოყენებული ბრალდება შოტლანდიის პირველ მინისტრად მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება.
სასამართლოზე ჩვენების მიცემისას სალმონდმა თქვა, რომ ყველა ბრალდება პოლიტიკური მიზნების მქონე ფაბრიკაცია იყო.
ის ამბობდა, რომ ცხოვრებაში არასოდეს უცდია სექსუალური ურთიერთობები პარტნიორის თანხმობის გარეშე.
2019 წლის აგვისტოში სალმონდმა ერთწლიანი დავის შედეგად ნახევარი მილიონი ფუნტი მოუგო შოტლანდიის მთავრობას, რომელმაც მის მიმართ წამოყენებული ბრალდებების შიდა გამოძიება ჩაატარა.
მთავრობამ, რომელსაც პარტიაში სალმონდის ყოფილი მოადგილე, ნიკოლა ტერდჟენი ხელმძღვანელობა, აღიარა, რომ გამოძიება დარღვევებით წარიმართა და სალმონდს სასამართლო ხარჯები – 512 ათასი ფუნტი გადაუხადა.
ალექს სალმონდი ორჯერ ხელმძღვანელობდა შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას, როლის საპროგრამო მიზანია შოტლანდიის გამოსვლა გაერთიანებული სამეფოდან.
ის თანამდებობიდან 2014 წელს მას შემდეგ გადადგა, რაც შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი წააგო. პარტიასაც და მთავრობასაც მისი მოადგილე ქალი, ნიკოლა სტერდჟენი ჩაუდგა სათავეში და ამ პოსტებს დღემდე იკავებს.