100 უბანზე საარჩევნო მაიმუნობები მოახერხეს – მელის თქმით, კალაძეს 45% არ აუღია

თბილისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ნიკა მელია ამბობს, რომ კახა კალაძეს არჩევნების პირველ ტურში 45% არ აუღია. მისი განმარტებით, ხელისუფლებამ დაახლოებით 100 საარჩევნო უბანზე მანიპულაციები მოახერხა.

“თბილისში არის 760 საარჩევნო უბანი. გულწრფელად, დაახლოებით 100 საარჩევნო უბანზე ქართულმა ოცნებამ მოახერხა და საკუთარი მცდელობები რეალობად აქცია სხვადასხვა მანიპულაციებით. ანუ, როგორც თქვენ არ აგიღიათ 45%, ისე კალაძეს არ აუღია ეს 45% და ამიტომაც დარდობს. ზუსტად იცის, რომ მას აქვს საფუძველი, იყოს დარდებში და რატომ? ვიცი, რომ ზუსტად იცის, რას ვაკეთებთ იმიტომ, რომ სუს-ი რას აკეთებს, თუ არა, გვადევნოს თვალყური?!” ,– თქვა მან TV პირველის ეთერში.

მელიას განცხადებით, უბნებზე, სადაც მანიპულაციები მოხდა, ოპოზიციის გამოცდილი დამკვირვებლები და კომისიის წევრები იმუშავებენ.

“ჩვენ შევცვალეთ და გამოვასწორეთ. არ დაგიმალავთ, 760 უბნიდან პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანზე, მოდი, ახლა ვთქვათ, 70 საარჩევნო უბანზე ჩვენ ახალი წარმომადგენლობა გვეყოლება, გაძლიერებული, მათ შორის, იმ საარჩევნო უბნებზე, რომელიც მოვიგეთ და ბევრი საარჩევნო უბანი პირველ ტურში მოვიგეთ. სადაც აღარ ტარდება მეორე ტურები, გვყავს გამოცდილი კომისიის წევრები, დამკვრივებლები და ისინი იქნებიან არჩევნების დღეს თბილისში. ეს ხვრელები მათ ჩვენ ამოვუვსეთ”, – ამბობს ის.

მელიას მანიპულაციების მაგალითად მოჰყავს მკვეთრად განსხვავებული შედეგები მოსაზღვრე უბნებში.

“შეუძლებელია, ხო, მაგალითად, ისანში ერთ ცალკე აღებულ უბანზე კახი კალაძემ აიღოს, მაგალითად, 44% და ეს იყოს საშუალოსტატისტიკური, ხო ანუ, საშუალო მაჩვენებელი მისი და გვერდით უბანში აიღოს 61% და ასეთი დაფიქსირდა არაერთი. დიახაც, იქ მოახერხეს მათ საარჩევნო მაიმუნობები, პირდაპირ რომ ვთქვათ. ამას ისინი ვეღარ შეძლებენ. აშენდა საარჩევნო ინფრასტრუქტურა.”,— განაცხადა მელიამ.