საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გახანგრძლივების კანონპროექტზე ამბობს, რომ არაკონსტიტუციური არ არის.
მისი თქმით, ხელისუფლების მიერ პრევენციული ღონისძიებების გატარებით ამაყობს.
“დაახლოებით 100–ჯერ გამეორდა სიტყვა არაკონსტიტუციური კანონი. 1 სიტყვით გავაბათილებ ამ 100–ჯერ გამოთქმულს ჩვენი მოსახლისათვის. ეს არის ჯანმრთელობის კომიტეტის ინიციატივა, კანონს ჰქვია პრევენციული კანონი. ამ ღონისძიებების ერთობლიობამ და პრევენციის სწორად ორიენტირებამ, სამედიცინო ჭკუის, კლიმატის განსაზღვრებამ, ხელისუფლების შტოების ვერტიკალსა და ჰორიზონტალზე ბმამ გაგვიყვანა იმ შედეგზე, რითაც ვამაყობთ და იამაყებენ ყველა მომდევნოები, რომლებიც ამას მაგალითად მოიყვანენ”,– ამბობს კახაძე კანონპროექტზე.
ცნობისთვის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.
“წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიზნით არის წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც პანდემიით გამოწვეული, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის აუცილებელი საშუალებაა”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, დიმიტრი მხეიძე, ზურაბ
ხაჩიძე და ილია ნაკაშიძე.