შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ 11 წლის ბიჭზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. უწყების განცხადებით, გარდაცვლილი ბიჭის ოჯახის არცერთ წევრზე შემაკავებელი ორდერი არ ჰქონდათ გაცემული. ამით შსს გარდაცვლილი ბავშვის ბებიის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ერთხელ მამას თვითონაც უჩივლა, თუმცა პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.
ამავდროულად, უწყებაში აცხადებენ, რომ 2010 და 2014 წლებში ბრალდებულ პირზე მიმართვა ფიქსირდება, რასაც მათი მხრიდან მოყვა “შესაბამისი რეაგირება”, თუმცა “სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა”.
“გარდა ამისა, 2014 წელს, ადგილი ჰქონდა ბრალდებულს და მის სიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაზეც პოლიციის მხრიდან გატარდა შესაბამისი ზომები.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. გრძელდება მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება”, – აცხადებს შსს.
თერჯოლაში არასრულწლოვანის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა 24 აგვისტოს დააკავეს. უწყების განცხადებით, ბრალდებული 11 წლის შვილზე სისტემატურად ძალადობდა.