პროკურატურამ თერჯოლის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ფ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ თერჯოლის სოფელ ძევრში, თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ.ა. სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა თავის არასრულწლოვან შვილს, ა.ა.-ს.
ფ.ა.-ს ქმედებების გამო ა.ა. მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ ცხოვრობდა. 2020 წლის 23 აგვისტოს, თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ხეზე ა.ა. თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.
სამართალდამცველებმა ფ.ა. იმავე დღეს დააკავეს. 2020 წლის 25 აგვისტოს მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11′.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა ) წარედგინა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება და მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ 49 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეზობლები და ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ მამას ბავშვი ცემისას შემოაკვდა და თვითმკვლელობის ინსცენირებისთვის ხეზე ჩამოკიდა.