11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 73 წლის კაცს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ 11 წლის ბიჭის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულ 73 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა. “ფორმულას” ინფორმაციით, საუბარია 11 წლის ბიჭზე.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.