113 კაცის მოგროვების იმედი აქვთ, რისიც მე არ მჯერა – ჯაფარიძე ყოფილ თანაგუნდელებზე

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ყოფილ თანაგუნდელებზე იაგო ხვიჩიაზე, ვახო მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რაქვიაშვილზე ამბობს, რომ როგორც მან იცოდა, ისინი სიის ჩახსნას აპირებდნენ. თუმცა მათ ცოტახნის წინ გირჩის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნეს განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ ისინი მანამდე არ იტყვიან მანდატებზე უარს, სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება.

“მე ვიცოდი, რომ ჩახსნას აპირებდნენ სიისას, როგორც სხვა პარტიები, მაგრამ ტექსტი რაც წავიკითხე, არსებითად არაფერი იცვლება. როგორც ჩანს, რაღაც იმედს იტოვებენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე შედგება ისეთი შეთანხმება, რომ ნაციონალური მოძრაობიდან რაღაც ნაწილი გადაიფიქრებს და შევა პარლამენტში და იქ მოგროვდება 113 ადამიანი, რისიც მე არ მჯერა”. – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე ტაბულასთან საუბრისას.

კითხვაზე, თავად ინდივიდუალურად თუ აპირებს, რომ პარლამენტს მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართოს, ჯაფარიძე ასე პასუხობს:

“მე ვაპირებდი, რომ თუკი დღეს გააგზავნიდნენ მოთხოვნას სიის გაუქმების შესახებ, სამი დღის ვადაში მივმართავდი პარლამენტს მანდატის მოსახსნელად, მაგრამ ახლა ვნახოთ, შეიძლება აღარ დაველოდო”.

ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ განაცხადა, რომ მანდატებზე უარს იტყოდა, თუმცა მეტეხის ხიდზე არ მივიდიოდა, რადგან მსგავსი ცერემონიები არ მოწონს.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პოლიტიკური პარტნიორობა გაწყვიტა.