სუს-ის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე “გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი”.
“სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი.
პირველი საქმე: ახმეტის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულია ახმეტის საკრებულოს წევრი და ერთი მოქალაქე.
საკრებულოს წევრმა, მეორე პირის დახმარებით, ახმეტის რაიონის სოფელ კასრისწყალში საკარანტინე სივრცის მოსაწყობად ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ მოქალაქეს იჯარით გამოართვა 3 000 ლარი. გამოძიება სსკ-ს 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე საქმე: ქობულეთში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია ორი ადამიანი. მათ შორის არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლის “საზოგადოებრივი კოლეჯი – ახალი ტალღის” პროფესიური კურსის კოორდინატორი, რომელმაც ერთ პირს პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულის ყალბი სერტიფიკატი დაუმზადა. გამოძიება სსკ-ს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მესამე საქმე ეხება თბილისში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დაკავებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი. გამოძიებით გამოვლინდა, რომ მეხანძრე-მაშველი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, საბერძნეთის მოქალაქეს სავაჭრო ჯიხურის გასახსნელად თბილისის ზღვის მიმდებარედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ქირით აღებას და შემდეგ საქმიანობაში მფარველობას დაჰპირდა.
სანაცვლოდ, 5 000 ლარი მოსთხოვა და წინასწარ 1 300 ლარი გამოართვა. გამოძიება სსკ-ს 19 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისიწინებს.
მეოთხე საქმე: დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების, სამსახურებრივი სიყალბის და გულგრილობის ფაქტებზე მარტვილის მერიის ორ სპეციალისტს სოფელ ინჩხურში ბრალდება წარედგინათ.
ბრალდებულებმა შეადგინეს მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ყალბი ოქმი, რის საფუძველზეც მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა სახელმწიფოს კუთვნილი 13 500 ლარის ღირებულების 2 560 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. გამოძიება სსკ-ს 25 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით” და 342-ე მუხლების პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეხუთე საქმე: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე პასუხისგებაშია მიცემული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში და ამავე მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ყალბი ცნობა გასცა, რომლის საფუძველზეც მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 6 300 ლარის ღირებულების 1 900 კვ.მ და 22 800 ლარის ღირებულების 6 620 კვ.მ მიწის ნაკვეთები. ყალბი ცნობა გასცა ამავე მუნიციპალიტეტის ყოფილმა წარმომადგენელმა სოფელ ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში, რის შემდეგაც მოქალაქემ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 3 216 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში დაირეგისტრირა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, ასევე 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეექვსე საქმე: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარედგინა ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოყურეშის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის ყოფილ წარმომადგენელს, რომელმაც გასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 165 930 ლარის ღირებულების 11 448 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმე შვიდი: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარედგინა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მერის ყოფილ წარმომადგენელს სოფელ ყარაჯალარის ადმინისტრაციულ ერთეულში. მის მიერ გაცემული ყალბი ცნობის საფუძველზე, მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა 8 840 კვ.მ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ოთხი მიწის ნაკვეთი, რომელთა ღირებულება 67 060 ლარს შეადგენდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმე რვა: ბრალდება წარედგინა მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს სამსახურებრივი სიყალბისა და დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე.
ბრალდებულმა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების აქტი შეადგინა, რომელშიც არასწორი ინფორმაცია შეიტანა, თითქოს მცხეთაში მდებარე მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა დაინტერესებული პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს, რის საფუძველზეც მოქალაქემ საკუთრებაში უკანონოდ დაირეგისტრირა 92 636 ლარის ღირებულების 217 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” პუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმე ცხრა: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, პასუხისგებაშია მიცემული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელი და ერთი მოქალაქე.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფა-გამიჯვნის საკითხის თითქოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელმა და მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა მოქალაქისგან მოითხოვეს 60 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღეს 5 000 აშშ დოლარი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმე ათი: დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების ჯგუფის თავმჯდომარეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომელს, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროს სპეციალისტს, ასევე კონტრაქტორი კომპანია შპს “არტიფექსის” დირექტორს და ინსპექტირების ორგანო შპს “ლტ ექსპერტის” ექსპერტს ბრალდება წარედგინათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ახმეტის N2 და N4 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში, ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს და ინსპექტირების ორგანო შპს “ლტ ექსპერტის” ექსპერტის დახმარებით, ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით, შპს “არტიფექსის” დირექტორი მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 22 242 ლარს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ”, 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 342-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმე თერთმეტი: დიდი ოდენობით თაღლითობის, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ფაქტებზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ასევე, ამავე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ “სენაკის საფეხბურთო კლუბის” დირექტორსა და მის მოადგილეს ბრალდება წარედგინათ.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით ეკრძალებოდა პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს დაარსება და მის მართვაში მონაწილეობა, დააარსა და ფლობდა კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც ფორმალურად რეგისტრირებული იყო მისი მეუღლის სახელზე, ხოლო კომპანიის საქმიანობას იგი ერთპიროვნულად წარმართავდა და სამსახურებრივ მფარველობას უწევდა.
აღნიშნული კომპანიის მეშვეობით მან მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ა(ა)იპ “სენაკის საფეხბურთო კლუბის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის მიხედვითაც, ევალებოდა საფეხბურთო კლუბ “ეგრისის” ფეხბურთელების სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯების მომსახურება. საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, საფეხბურთო კლუბის დირექტორსა და მის მოადგილესთან წინასწარი შეთანხმებით, შეადგინა მომსახურების გაწევის ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტები, დოკუმენტებში გაწეული მომსახურების გაზრდილი ოდენობების შესახებ ყალბი ინფორმაცია შეიტანეს, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 21 212 ლარს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და 337-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეთორმეტე საქმე: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგისა და ანგარიშსწორების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ორ წევრი, ასევე, სამუშაოებზე ზედამხედველი კომპანიის ორი ექსპერტი და სამუშაოების შემსრულებელი ორი კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პირები.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად, რა დროსაც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებელი პირების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო კომპანიის ხელმძღვანელი პირები სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს თაღლითურად დაეუფლნენ.
აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. – თქვეს სუს-ის ბრიფინგზე.















