“წელს 12 წელი მიხდებოდა, რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ… მატყობინებენ, რომ 1-ლი თებერვლიდან გათავისუფლებული ვარ” – არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ალიაშვილი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
“წელს 12 წელი მიხდებოდა რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ბოლოს, 2 წელზე მეტი ვხელმძღვანელობდი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. ჩვენი თანამშრომლობა 31 დეკემბერს, 1 წინადადებით, ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე სრულდება.
მატყობინებენ, რომ 1 თებერვლიდან გათავისუფლებული ვარ.
აქ ალბათ კითხვა, რა მიზეზით მოხდა ჩემი გათავისუფლება უკვე როტორიკული იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ დეკემბრის თვეში ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების“ მიხედვით მივიღე უმაღლესი შეფასება, ასევე 12 წლის განმავლობაში არ მქონია ერთი გადაცდომაც კი. ვფიქრობ, რომ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების გამო გამათავისუფლეს.
სისტემაში მუშაობა 22 წლის ვიყავი როდესაც დავიწყე, თავდაპირველად ვმუშაობდი სოციალური მუშაკის პოზიციაზე. წლების განმავლობაში არაერთხელ დავწინაურდი, გავხდი პროფესიული ზედამხედველი, შემდეგ კი ცენტრის უფროსი. ცალკე საკითხია ის, რომ ამ პერიოდში არაერთი სიტყვიერი შექება, ოფიციალური ჯილდო და სერთიფიკატი მაქვს მიღებული. პარალელურად ვიყავი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიწვეული ტრენერი და დაახლოებით 3 თვეში ერთხელ სააგენტოს ახალ თანამშრომლებს ვაცნობდით საქმიანობის სპეციფიკას
მას შემდეგ რაც არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში დავიწყე მუშაობა, საკმაოდ დიდი დრო და რესურსი ჩავდე იმისთვის, რომ რთული ქცევის მოზარდებთან მეტად ეფექტიანი და ხარისხიანი საქმისწარმოება გვქონოდა. ამ პერიოდში გუნდის მხარდაჭერით, შევძელი და სააგენტოს ყველაზე სუსტი მიმართულება – დანაშაულის პირველი დონის პრევენცია ავამუშავე, აქტიურად ვმუშაობდი კურსზე, რომელიც მასწავლებლებისთვის მომზადდა. რაც შეეხება ცენტრის მიზნობრივ ჯგუფს, სააგენტოს და დონორების ჩართულობით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდით, როგორიც არის ახალი შეფასების ინსტრუმენტი, სარეაბილიტაციო პროგრამები, გაიხსნა რეგიონული ცენტრები, გაიზარდა ცენტრის მიზნობრივი ჯგუფები, აქტიურად ავამუშავეთ უწყებათშორისი კოორდინაციის პროცესი. დიდი შრომა გვაქვს ჩადებული კანონპროექტში, შემთხვევის მართვის ბრძანების პროექტში, ინსტრუმენტების დახვეწაში. თუმცა, დეკემბრის ბოლოს ჯერ ჩემს სოციალურ მუშაკს და ფსიქოლოგს შეუწყვიტეს ხელშეკრულება და მთელი იმერეთის რეგიონი დატოვეს კვალიფიციური კადრების გარეშე, ხოლო მე 31 დეკემბერს ყოველგვარი მიზეზის გარეშე შემატყობინეს, რომ 1 თვეში მიწყვეტდნენ ხელშეკრულებას. მსგავსი ფორმით თანამშრომლობა 1 თებერვლიდან დაასრულეს ჩემს კოლეგებთან, ნინო ტყეშელაშვილთან და მორის ბარამიასთან. აღსანიშნავია, რომ ორივე ჩემს ტოლფას პოზიციას იკავებდნენ წლების განმავლობაში და ორივე ხელმძღვანელის როლი რეაბილიტაცია – რესოციალიზაციის პროცესში შეუცვლელია!
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელეებს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ბევრი არაფერი შეგვიძლია, მე საჯარო მოხელის გარდა ჯერ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, პროფესიით სოციალური მუშაკი და აუცილებლად ვიბრძოლებ ჩემი და ჩემი კოლეგების სამართლიანობისთვის!” – წერს ნათია ალიაშვილი.