ივანიშვილის დღევანდელი წერილი 2012 წლის 1 ოქტომბერთან დაკავშირებით თვითაღიარებაა – ყველაზე ცხადი მტკიცებულება, რომ საქართველო დღეს – 2024 წლის არჩევნებამდე 25 დღით ადრე, ზუსტად იქ დგას, სადაც 2012 წელს იდგა – ადამიანის გათელილი ღირსებით, უსამართლო მართლმსაჯულებით, კორუფციით და ნეპოტიზმით, პოლიტიზირებული საჯარო სამსახურით, გაუქმებული ინსტიტუტებით.
2012 წლის 1 ოქტომბერს ქართული ოცნების მთავარი ღირებულება იყო ადამიანი და მისი ნამდვილი ღირსება. მაშინ ყველას გვჯეროდა, რომ გულწრფელად ვიბრძოდით უსამართლო მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ და პარტიული გავლენებისგან საჯარო სამსახურის და სახელმწიფო ინსტიტუტების გასათავისუფლებლად. ქართული ოცნების გაცხადებული პოლიტიკური მიზანი მისივე 2012 წლის მანიფესტით იყო “მრავალპარტიული დემოკრატია”, “ევროპული ინტეგრაცია” და “პოლიტიკური მესიანიზმის” დასრულება ქვეყანაში.
და ახლა, 12 წლის თავზე სად ვართ? ერთ ბელად სააკაშვილს დაემატა მეორე ბელადი ივანიშვილი. სამწუხაროდ, აღარაფერი დარჩა ქართული ოცნების 2012 წლის ღირებულებებიდან. “ღირსებას” ივანიშვილი რვაჯერ ახსენებს ამ წერილში. ცხადია, სადაც ყველაზე მეტად უჭირს, იმის დამტკიცებას ცდილობს ქაღალდზე. სამწუხაროდ, დღევანდელი ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩამოყალიბდა მატყუარა პოლიტიკურ ელიტად, რომლისთვისაც ზუსტად ისე აღარ აქვს ფასი ადამიანის უფლებების დაცვას, როგორც არ ჰქონდა ნაციონალური მოძრაობისთვის.
12 წლის თავზე ოცნება ფსიქოლოგიურად ძალადობს, ომით აშინებს და აშანტაჟებს საკუთარ მოქალაქეებს. ზუსტად იმ ზონდერებს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ვისაც ნაციონალური მოძრაობა იყენებდა. სასამართლო სისტემის რეფორმირების ნაცვლად, ოცნებამ ნაცების სისტემის მთავარი დანაშაულებრივი სახეები საკუთარი ძალაუფლების საყრდენად აქცია – მათ გაურიგდა. ინსტიტუტები ზუსტად ისე დაუქვემდებარა პარტიულ ბელადს, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა. საჯარო სამსახურის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების ნაცვლად, საჯარო მოხელეები კიდევ უფრო მეტად მოაქცია პარტიული წნეხის ქვეშ.
ხელისუფლება, რომლის გაცხადებული პოლიტიკური მიზანი ცხოვრების ღირსეული პირობები, სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა იყო, დღეს იბრძვის კორუფციისთვის და არა – კორუფციის წინააღმდეგ. ხალხი ღარიბდება, პოლიტიკური ელიტა კი იცავს ხალხისთვის მოპარულ ფულს.
ოცნება სამწუხაროდ, იქცა პირველ ხელისუფლებად, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული არჩევანი და ქვეყნის მომავალი.
ამიტომ, 2012 წლის მსგავსი ერთიანობით და გონიერებით, 2012 წლის ღირებულებების ერთგულებით, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ერთად დავამარცხოთ ოცნებაც და ნაციონალური მოძრაობაც – 26 ოქტომბერს უნდა გავიმეოროთ 1 ოქტომბერი.
ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით და ნამდვილი კეთილდღეობით ერთად უნდა გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს.