საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, დღეს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებებით კოდექსში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების ასახვა უნდა მოხდეს, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, გენდერულ კვოტირებასა და სხვა საკითხებს მოიცავს.
დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, კვოტირების პრინციპით პროპორციული სიით შეყვანილი 120 დეპუტატიდან მინიმუმ 40 უნდა იყოს ქალი.
„ჩემი ვერსიაა რომ მინიმუმ სამში ერთი იყოს განსხვავებული სქესის, რაც თანასწორობის იდეასთან უფრო მეტად არის ახლოს. რა თქმა უნდა, ესეც არ არის იდეალური, მაგრამ უფრო ახლოს არის იმიტომ, რომ 120 კაციან პროპორციულ სიაში გარანტიას შექმნის, რომ 40 ქალი მაინც იქნეს მომავალ პარლამენტში და თუ მაჟორიტარებიდან ვინმე დაემატება, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“,- აცხადებს ეკა ბესელია.
“თავისუფლების ინსტიტუტის” ინფორმაციით, პარლამენტი უახლოეს პერიოდში დაჩქარებული წესით გენდერული კვოტების კანონპროექტის მიღებას გეგმავს.
ორგანიზაცია ეწინააღმდეგება გენდერული კვოტების შემოღებას და იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს მიიღებს, მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.