სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი უკვე მზად არის და სასამართლოში დღეს გაიგზავნება.
განცხადება სრულად:
“121 ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ამჯერად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ კონსტიტუციური სარჩელით.
სარჩელთან ერთად, სასამართლოს წარედგინება შუამდგომლობა არაკონსტიტუციური ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ. კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ სადავო კანონი ზღუდავს მოქალაქეთა უფლებას, გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის საკეთებლად და ადამიანების დასახმარებლად.
რუსული კანონის მიღებით, ხელისუფლება აყალიბებს მტრულ გარემოს, სადაც რისკად და საფრთხედ არის გამოცხადებული სხვადასხვა უფლებით, მათ შორის, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა.
მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელთანაც ეს სუბიექტები ითხოვენ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადაში განიხილავს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობას და დააკმაყოფილებს მას.
ამასთან, გაცნობებთ, რომ ჩვენ ვემზადებით საჩივრის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით და გამოვიყენებთ ყველა ეროვნულ თუ საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაჩერებლად, შესაფერხებლად, მის საბოლოო გაუქმებამდე.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – ნათქვამია განცხადებაში.