სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს “ბორჯომის“ აქციები – მამუკა ხაზარაძე

”სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს “ბორჯომის“ აქციები” – ამის შესახებ,  ”ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სახელმწიფომ გამოისყიდოს ალფა ჯგუფისგან “ბორჯომის” აქციები,  შემდეგ კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.

”ბორჯომმა წარმოება შეაჩერა. საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში.

მიზეზი – კომპანიის სტრუქტურაში დასანქცირებული რუსული “ალფა ჯგუფის” აქციონერობაა.
“ალფა ჯგუფს” კომპანია “ბორჯომის” საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და ტვ “იმედის” დღევანდელმა მმართველმა მიყიდა 2013 წელს.
გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან:

სახელმწიფომ უნდა გამოისყოდოს “ალფა ჯგუფისგან” “ბორჯომის” კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.
მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა.” – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი“ წარმოებას დროებით აჩერებს. კომპანია მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომსა და დაწესებულ სანქციებს ასახელებს. ”IDS ბორჯომის” საკონტროლო  60%-იან პაკეტს, სანქცირებული რუსი ოლიგარქი ფლობს

“ბორჯომს” ომის გამო პროდუქციის რეალიზაცია გაურთულდა, ხოლო საბანკო ანგარიშებზე შეზღუდულმა წვდომამ კომპანიას სავალუტო შემოსავლების მიღება და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა ჩაუკეტა.

„გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა. კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა“, – ნათქვამია IDS ბორჯომის განცხადებაში.

კომპანია იმედს იტოვებს, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა მიეცემა.