13 სექტემბერს 8 ოპოზიციური პარტია საპროტესტო აქციას აანონსებს – ამის შესახებ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 8 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
”მსურს, 8 პროდასავლური, ართანამშრომლობის რეჟიმში მყოფი პოლიტიკური პარტიების მიერ გავაკეთოთ საერთო განცადება. 31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისადმი მიცემული ვადა ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად. როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა არათუ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა ამისთვის, არამედ კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპას, ევროპულ დღის წესრიგს და ეს იქნება ასე, რადგან ეს რუსული რეჟიმი არის თვისობრივად შეუთავსებელი ჩვენ ევროპულ დღის წესრიგთან, ჩვენს ევროატლანტიკურ დღის წესრიგთან, ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, დამოუკიდებლობასთან და ევროპულ მომავალთან. შესაბამისად, ეს იქნება ასე, სანამ ჩვენ არ მოვიკრებთ საკმარის ძალას, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა და არ დავასრულებთ ამ რეჟიმს.
აქედან გამომდინარე, მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ, ვიყოთ ძალიან ბევრნი, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმი არ წარმაოდგენს ქართველ ხალხს, რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს საქართველოს.
ამასთანავე, მოგმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი, ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე ქართველი ხალხის მოტყუებაში. არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია. უარი თქვით 4 ოქტმბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობას.
ვკრიბებით 13 სექტემბერს 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და პარლამენტამდე მოვდივართ მარშით. ჩვენ ბევრნი ვართ და ვიბრძვით გამარჯვებამდე, – განაცხადა ელენ ხოშტარიამ.