ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება საქართველოს თავდაცვისთვის ფრონტის ხაზია–სენატორი კარდინი

საქართველოს თავდაცვის ფრონტის ხაზი ახლა უკრაინაში გადის, ამბობს სენატორი ბენ კარდინი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე. სენატორი კარდინი საქართველოში არსებულ ანტიდასავლურ კამპანიაზე ამბობს, რომ ამერიკის ელჩს ვაშინგტონიდან სრული მხარდაჭერა აქვს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, როგორი და რამდენად მწვავეა განცხადებები, ამერიკა არ აპირებს დადუმდეს იმ ღირებულებებზე, რაც დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია.

სენატორი ასევე დასძენს, რომ ქვეყანაში გარკვეული პროგრესიც შეინიშნება და საქართველო ევროინტეგრაციის გზას ადგას, თუმცა საბოლოო შედეგისთვის მეტი რეფორმაა საჭირო.

ამერიის ხმასთან ინტერვიუში სენატორი საუბრობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად შეცვლილ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე და უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობაზე რეგიონისთვის და საქართველოსთვის, რომელიც ასევე რუსეთის აგრესიის მსხვერპლია:

“ბატონ პუტინს ნამდვილად ვუფასებთ იმას, რომ ნატოს პარტნიორებს შორის ერთიანობა მოიტანა. მათ შორის, ეს მოხდა ბევრი ქვეყნის შემთხვევაში ევროპაშიც.

საქართველო დაზარალდა რუსეთის შეჭრით და რუსული ჯარები საქართველოში დღემდე იქ დგანან. მათ [ქართველებმა] იციან რას ნიშნავს, როდესაც ზესახელმწიფოს სამხედრო ძალა მოდის შენ ქვეყანაში და ძალით იტაცებს ქვეყნის ნაწილებს. ასე რომ, ისინი იაზრებენ იმას, რომ ის, რაც უკრაინაში მოხდა ამ ბოლო შეჭრამდე, მოხდა მათ ქვეყანასა და მოლდოვაშიც.

ის რაც ახლა უკრაინაში ხდება არის ფრონტის ხაზი საქართველოს თავდაცვისთვის, რადგან თუ რუსეთი შეძლებს, რომ წინ წავიდეს ამ სამხედრო კამპანიაში, მაშინ საქართველო და მოლდოვა ნამდვილად იქნებიან რუსეთის შემდეგი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი.

ვფიქრობ, ჩვენ მივხვდით ბატონი პუტინის მიზანს. ის ძალიან ნათლად გამოხატავდა, რომ უფრო დიდი რუსეთი სურს, რომ ის წუხს საბჭოთა კავშირის დაშლის გამო. ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რომ ის ჩაერია საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის საქმეებში. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომზადებულები ვიყავით, მაგრამ ასევე ვაღიარებთ, რომ რუსეთის გადაწყვეტილებამ შეჭრილიყო ქვეყანაში და ეცადა დაეპყრო მთელი უკრაინა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

ის [უკრაინა] არაა ნატოს წევრი ქვეყანა, ამიტომ ჩვენ არ ჩავრთავთ ამერიკულ, ან ნატოს ჯარებს ამ კონფლიქტში, მაგრამ ჩვენ უკრაინის გვერდით დავდექით და ეს ძალიან ნათლად გამოვხატეთ. პირველ რიგში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ მათ დაზვერვის ინფორმაცია გავუზიარეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკრაინელებისთვის, რათა გაეგოთ, რას გეგმავდა რუსეთი. ჩვენ ასევე ორგანიზება გავუწიეთ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მიგვეწოდებინა სამხედრო დახმარება და უკრაინას შეძლებოდა თავდაცვა. მათ მართლაც გამოიყენეს ეს სამხედრო დახმარება თავდაცვისთვის.

ვიცოდით, რომ არაფერი იყო შეუძლებელი რუსეთისა და ბატონი პუტინისთვის. ვიცით, რომ ასიმეტრიული არსენალი აქვს დეზინფორმაციის, ოპოზიციის დაფინანსების და კორუფციის, ისევე როგორც ძალის გამოყენების. ეს ყველაფერი მის არსენალშია იმისთვის, რომ ეცადოს გაანადგუროს დემოკრატიული სახელმწიფოები.

ვფიქრობ, ბატონი პუტინი გაოგნებული იყო, არა მარტო ერთიანი მხარდაჭერით, რაც მისი ქმედების შედეგად მოხდა, არამედ უკრაინაში ძალაუფლების შენარჩუნებითაც. თქვენ იცით, რომ უკვე თვეებია, რაც ეს სამხედრო კამპანია მიმდინარეობს, ჯერ დასარულს ვერ ვხედავთ ამ კონკრეტულ მომენტში. მაგრამ დასასრული არ ექნება არც ჩვენს დამხარებას უკრაინისადმი.

წყარო: ამერიკის ხმა