14 წლის გოგომ, რომელზეც 23 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა, თავი მოიკლა

დღეს შსს–მ დააკავა 23 წლის კაცი, რომელმაც 14 წლის წლის გოგოსთან სექსუალური კავშირი დაამყარა. სამართალდამცავებმა მოძალადე გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს, თუმცა მათ განცხადებაში ამაზე არაფერია ნათქვამი.

გოგონას ბაბუის თქმით, ბრალდებულმა ბავშვზე სექსუალურად ორჯერ იძალადა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო საქმეზე გამოძიება.

“წავედი დილას და საღამოც არ იყო, მოვედი, აგერ ჩამოკიდებული დამხვდა. ბავშვმა არაფერი თქვა, დამალა, ალბათ დაემუქრა — არ თქვა თორემ მოგკლავო. 6 თვის შემდეგ კიდევ მოაკითხა და მეორეჯერ იძალადა, შემდეგ გაიხსნა საქმე.

ბავშვი ამოვიდა ატირებული, ასე მიქნა, იძალადა ჩემზეო. რამ მიიყვანა ამ ზომამდე და, თბილისიდან არ ჩამოვიდა ექსპერტის ცნობა მალე, ერთი ჩამოვიდა, ერთი არ ჩამოვიდა. ის ბიჭი არ იყო დაკავებული. ამაზე დარდობდა. დღეს სამსახურიდან რომ მოვედი ასე დამხვდა (გარდაცვლილი)”, — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

23 წლის მამაკაცის ადვოკატი აცხადებს, რომ გოგონა ოჯახის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო, რამაც შესაძლოა ის სუიციდამდე მიიყვანა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით ედება, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. რაც შეეხება გოგოს გარდაცვალებას, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.