საქართველოს სახალხო დამცველი 10 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგოს მიერ თვითმკვლელობის საქმეზე შეისწავლის სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ეს ტრაგიკული ფაქტი წარმოადგენს იმ სისტემური უმოქმედობის, კვალიფიკაციის ნაკლებობისა და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სათანადო სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობის შედეგს, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატი წლებია მიუთითებს.
“მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ პასუხისმგებელი უწყებები ვერ ახდენენ ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე დროულ, ეფექტიან და კოორდინირებულ რეაგირებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო რეაგირებას და სისტემური ცვლილებების გატარებას საჭიროებს”,– აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეების მესამედზე შეწყდა გამოძიება, რომლის საფუძველი მათ შორის, მტკიცებულებების არარსებობა გახდა, რაც თავის მხრივ, განპირობებული იყო დანაშაულის გამოძიების დაგვიანებით და არასრულწლოვნებთან სათანადო კომუნიკაციის არარსებობით.
“2018-2019 წლებში სექსუალური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 317 არასრულწლოვანს. თუმცა, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე თითო რეგიონში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მუშაობს, რაც შეუძლებელს ხდის ყველა შემთხვევაზე დროულ და სათანადო რეაგირებას. ბავშვის მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით ეფექტური ღონისძიებების გატარებას ართულებს სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა რაოდენობა, მათი სამუშაო პირობები და რესურსებზე ხელმისაწვდომობა.
გამოძიების ეტაპზე არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვანთან შესაბამისი სპეციალისტების ჩართვას და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნას. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მიერ არ არის ზუსტად განსაზღვრული რა შემთხვევებში და რა გარემოებების საფუძველზე უნდა მოხდეს ფსიქოლოგის ჩართვა. აღნიშნული გადაწყვეტილებას გამომძიებელი და პროკურორი იღებენ, რომლებსაც უშუალოდ სექსუალური ძალადობის თემაზე სათანადო და პერიოდულ გადამზადება არ აქვთ გავლილი, რაც არსებითად უშლის ხელს ამ სპეციფიკის საქმეებში არსებულ რისკის სათანადო შეფასებას.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებთან მიმართებით საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის დროულ შეტყობინებასა და დაზარალებულისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნას. შემთხვევების დროული გამოვლენის და რეფერირების პროცედურის განსახორციელებლად განსაკუთრებული როლი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს აკისრიათ”,– წერია ლომჯარიას განცხადებაში.
მისივე თქმით, მიუხედავად აღნიშნული პრობლემის სიმწვავისა და სისტემური ხასიათისა, სახელმწიფო უწყებები ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას უშუალოდ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულების სპეციფიკაზე მორგებული გადამზადების მოდულით.
“სექსუალური ძალადობის საქმეებზე მომუშავე პროფესიონალების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება არსებულ საჭიროებას. სახელმწიფო სერვისები ვერ უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის და მისი ოჯახის რეაბილიტაციას და ვერ ქმნის მათ ეფექტიან მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გარემოს”,– აღნიშნულია მის განცხადებაში.
დღეს შსს–მ დააკავა 23 წლის კაცი, რომელმაც 14 წლის წლის გოგოსთან სექსუალური კავშირი დაამყარა. სამართალდამცავებმა მოძალადე გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს.