14 წლის მოზარდის საქმე – თვითმკვლელობამდე 2 თვით ადრე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

მრავლობითი სისხლჩაქცევები და ფიზიკური ძალადობის უტყუარი კვალი – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.  “მთავარმა” მოიპოვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ქობულეთში ტრაგიკულად გარდაცვლილ 14 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე 2 თვით ადრე ჩაუტარდა, თუმცა დაგვიანებით გამოქვეყნდა.

ექსპერტიზა მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოჯახისთვის ცნობილი გახდა არასრულწლოვანი გოგოსა და ზრადსრული მამაკაცის სექსუალური კავშირის შესახებ.

“მარჯვენა წინამხრის გარეთა ზედაპირზე ქვემო მეასმედში აღენიშნება მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი. ზომით – 2×5სმ, ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები არენიშნება მარცხენა წვივის უკანა და შიგნითა ზედაპირების საზღვარზე, ზემო და შუა მესამედებს შორის. გაფანტული ხასიათის, საერთო ფართზე, მარცხენა წვივის წინა ზედაპირზე, შუა და ქვემო მესამედების საზღვარზე, ირიბად მდებარე, ზოლისებრი ფორმით, 10.2 x 2.1 სმ; (შესამოწმებლის გადმოცემით ეს უკანასკნელი მიიღო კედელზე ფეხის მირტყმის შედეგად); ” –  ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში.  არასამთავრობო სექტორი სკეპტიკურადაა განწყობილი გამოძიების მიმართ და ამბობენ, რომ დაგვიანებულმა რეაგირებამ ტრაგიკული შედეგი გამოიწვია.

“ძალიან შემაშფოთებელია, რომ სხვა ტიპის დაზიანებებიც ჰქონდა, ესეიგი, დანაშაული მოხდა. ახლა მნიშვნელოვანია გაირკვეს, ვინ ჩაიდინა ის”, – ამბობს ბაია პატარაია.