პირი, რომელმაც სტამბოლის ცენტრში, ისტაკლალის ქუჩაზე აფეთქება გამოიწვია, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის განცხადებით, ტერორისტული თავდასხმის შესახებ ბრძანება ჩრდილოეთ სირიიდან, აინ ალ-არაბიდან მოვიდა, სადაც ქურთისტანის მუშათა პარტიის სირიის შტაბბინა მდებარეობს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ თავის მტკიცე და კანონიერ ომს გააგრძელებს.
„ჩვენ სამაგიეროს გადავუხდით მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ საზარელ ტერაქტზე“ – ამბობს ის.
სოილუმ დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა. 50 დაშავებული საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს, ხუთი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. მისივე თქმით, დაშავებულებიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია.
აფეთქება სტამბოლის ცენტრში გუშინ ადგილობრივი დროით 16:20 საათზე მოხდა. ხელისუფლებამ შემთხვევა ტერორისტულ თავდასხმას დაუკავშირა. ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ, ქალია.