ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნების აგენტებს და არც უცხო ქვეყნის მსახურებს – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბერლინში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას ესწრება,  ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს.

ღარიბაშვილმა პროტესტში მონაწილე ადამიანებზე და ოპოზიციაზე თქვა, რომ “მათი აჟიოტაჟი არის უბრალოდ სპეკულაცია” და “სულ ტყუილად ირჯებიან”.

“ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას: ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. ეს მინდა გითხრათ. მე ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის დესტრუქციულ, რადიკალურ ოპოზიციას – სრული ლუსტრირება მოხდა იმისა, ვის ემსახურებიან ეს ადამიანები, ეს ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში, მაგრამ ხალხი ბრძენია.

ამ ადამიანებმა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა… ყოველგვარი მათი ეს აჟიოტაჟი არის უბრალოდ სპეკულაცია, სულ ტყუილად ირჯებიან. იმ დონეზე დაეცა ეს ორგანიზაცია [ნაციონალური მოძრაობა], რომ მათი ტელევიზია პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას იარაღის ხელში აღებისკენ. ჩანს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. ჩვენ, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველვყოფთ, მაგრამ არავის ვაპატიებთ არცერთ უკანონო ქმედებას. ასე, რომ ყველა დამშვიდდეს, მშვიდად უნდა ვმართოთ ეს პროცესი”,– თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა კომენტარისას, ასევე არასამთავრობო სექტორზე ისაუბრა და მათი ნაწილი “სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში” დაადანაშაულა:

“გასაგებია, ბევრისთვის მიუღებელი საკითხი შეიძლება იყოს, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ რაც სჭირდება ქვეყანას და ხალხს ის გავაკეთოთ. აი, მაგალითად, ჩვენ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს.

ვიცით ბევრი ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებებს, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ეს დაფინანსება არაა გამჭვირვალე, მეორეს მხრივ, ისინი მოგვიწოდებენ, რომ სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს მთავრობის საქმიანობა. ჩვენ გამჭვირვალე ვართ, მოწინავე მთელ მსოფლიოში, იგივე ბიუჯეტის გამჭვირვალობით პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში. ამიტომ, მე ვფიქრობ, უსაფუძვლოა ეს კამპანია, რაც მიმდინარეობს.

მესმის, რომ მათთვის მტკივნეულია, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი დოლარის გრანტს იღებდნენ და არავითარი გამჭვირვალობა, ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება ჩვენი ხალხის წინაშე არ არსებობდა”.

გუშინ, 6 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინის ტურისტული გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო “ისე ახლოსაა ცივილიზაციურ არჩევანთან, როგორც არასდროს”.