რუსულ პოლიტიკას ჰგავს, როცა ცდილობენ ხალხის გამოხატვის თავისუფლებას, პროტესტის ჩახშობით უპასუხონ – სალომე ზურაბიშვილი CNN–ზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეკომპანია  CNN–თან ინტერვიუში გამოეხმაურა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას. მან თქვა, რომ “რუსულ პოლიტიკას ჰგავს”, ის როცა ცდილობენ, ხალხის გამოხატვის თავისუფლებას, პროტესტის ჩახშობით უპასუხონ. გადაცემის წამყვანმა მას ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტსა და საპროტეტსო აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლის შესახებ ჰკითხა.

“ამ კანონის მიღების არანაირი საჭირობა არაა. საჭიროება არ არსებობს, დავარეგისტრიროთ არასამთავრობო ორგანიზაციები… უწოდო ამ ხალხს “უცხოეთის აგენტები” არის ის, რაც ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას. რუსულ პოლიტიკას ჰგავს ისიც, როცა ცდილობენ, ხალხის გამოხატვის თავისუფლებას, პროტესტის ჩახშობით უპასუხონ. ეს ხალხი პარლამენტთან გამოდის მშვიდობიანად, ერთი მოთხოვნით, გაიწვიონ ეს კანონპროექტი”.

პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, არ გამოიყენოს ძალა საპროტესტო აქციაზე, ხოლო პროტესტის მონაწილეებზე თქვა, რომ სრულად მხარს უჭერს მათ:

“მთავრობას ბოლო შანსი აქვს დახუროს ის ნაპრალი, რომელიც მასსა და მის მოსახლეობას შორის სულ უფრო ფართოვდება. ბოლო შანსი აქვს აჩვენოს, რომ ის პრორუსულ ძალას არ წარმოადგენს. მათ თავი უნდა შეიკავონ ძალის გამოყენებისგან, ეს ჩემი მოწოდებაა აქედან. ვიცი და მხარს ვუჭერ და გუშინ მივმართე მოსახლეობას, რომ სრულად მხარს ვუჭერ იმას, რაც ახლა ხდება, რადგან საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. მოსახლეობას აქვს უფლება, თქვას, რომ ევროპა სურს. ვაპირებ, რაც შემიძლია ყველანაირად მხარი დავუჭირო, უცხოელ ლიდერებთან შეხვედრითა და უცხოურ მედიასთან საუბრით”.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ ევროინტეგრაცია იყო როგორც მისი, ასევე ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა და ასევე ჩაიწერა ეს საქართველოს კონსტიტუციაში:

“ამ ქვეყანაში ჩემი პოზიციაა, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს აღმასრულებელი ძალაუფლება, უზრუნველვყო ის, რასაც დავპირდი ჩვენს ამომრჩეველს. თუკი საპარლამენტო უმრავლესობა, მმართველი პარტია ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი მოსახლეობის წინაშე, ეს მათი პრობლემაა. მე ვფიქრობ, რომ არამხოლოდ პასუხისმგებელი ვარ, არამედ ერთადერთი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე პრეზიდენტად კენჭისყრა, რატომაც მსურს ამ ქვეყნის პრეზიდენტობა არის ის, რომ ეს ქვეყანა მიუახლოვდეს და საბოლოოდ, შევიდეს ევროკავშირში. ეს ნამდვილად ისტორიული არჩევანია… ჩვენ ევროინტეგრაციის ნამდვილად უდიდესი შანსი გვაქვს, უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებთან ერთად”.

ბოლო რამდენიმე დღეა თბილისში იმართება აქცია იმ კანონპროექტის გასაპროტესტებლად, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა – “ხალხის ძალამ” დაარეგისტრირა. ამ დოკუმენტით საქართველოს პარტნიორი ჩვენებისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს “უცხოური გავლენის აგენტებად” დარეგისტრირება მოწევთ. ეს კანონპროექტი მიუღებელია არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისთვისაც.

ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პარლამენტმა ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიიღო 7 მარტს. ამ დრომდე ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 70-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

7 მარტს დღის პირველ ნახევარში ცნობილი იყო, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე 9 მარტს უნდა გაეტანათ. მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა და ორი ინიციირებული კანონპროექტიდან ერთ-ერთის განხილვა 7 მარტსვე დაიწყო – საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, “თავდაცვის კოდექსში” შესატანი ცვლილებების მომზადება ვერ მოესწრო და მის ნაცვლად გადაწყვიტეს დაიწყონ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა. პარლამენტმა დოკუმენტი პირველი მოსმენით მიიღო.