დიმიტრი ჩიქოვანს ცრუ დასმენისთვის POSTV-ის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს

ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმა ჩიქოვანს ცრუ დასმენასთან დაკავშირებით POST-ის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში სარჩელი შეაქვს. პრესკონფერენციაზე ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ჩიქოვანს უმძიმეს დანაშაულში დასწამეს ცილი.

“თითქოს მან ადამიანი გაიტაცა და შემდეგ ძალადობდა. ეს ცილისწამება არ შემოიფარგლა ეთერში მსგავსი განცხადებით, ამ ცილისწამებას მოყვა პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინება, როდესაც მათ მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოსდა დიმა ჩიქოვანმა ჩაიდინა ეს უმძიმესი დანაშაულები. ადგილზე მოვიდა პოლიციის არაერი ეკიპაჟი და მთელი ღამის მანძილზე, გამთენიამდე, პოლიციელები აწარმოებდნენ საპროცესო საგამოძიებო მოქმედებებს დიმა ჩიქოვანის ოჯახში, რითაც არსებითად დაირღვა დიმა ჩიქოვანის უფლებები და ვითხოვთ ცრუ დასმენასთან დაკავშირებით შსს-სა და პროკურატურის რეაგირებას”, – თქვა ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას, ბასილაია ამბობს, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ადვოკატი განმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტისთვის არა საქმიანობაში ხელშეშლას, არამედ ბინაში მისი უკანონო შესვლის აღკვეთას. ბასილაია ამბობს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.

რამდენიმე დღის წინ, 24 მარტს ამ არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თათია სამხარაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრს დიმიტრი ჩიქოვანს გატაცებული შესაძლოა ჰყოლოდა. დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის ცრუ დასმენის საფუძველზე პროვოკაცია მოუწყვეს. საქმეზე გამოძება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (ძალადობა – 126-ე და თავისუფლების უკანონო აღკვეთა – 143-ე მუხლები).

ტელეკომპანია POS TV ამტკიცებდა, რომ მისთვის ცნობილი გახდა „საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმას დიმიტრი ჩიქოვანსა და თათია სამხარაძეს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ: „სამხარაძესა და ჩიქოვანს შორს კონფლიქტი თანხის ოდენობას უკავშირდება, რომელსაც კეზერაშვილის ცოლისძმა სამხარაძეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ორგანიზების სანაცვლოდ დაჰპირდა. … გადამღებ ჯგუფს წყარომ მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა თათია სამხარაძე ყოფილიყო გატაცებული, რადგან ჩიქოვანსა და სამხარაძეს შორის დღეს მწვავე კონფლიქტი მოხდა“.

გატაცებისა და რაიმე სახის კონფლიქტის არსებობა უარყო როგორც დიმიტრი ჩიქოვანმა, ასევე თათია სამხარაძემ.

“ანერვიულეს ჩემი ოჯახი და ახლობლები. ეს არის უბინძურესი და მიზანმიმართული ჰიბრიდული სპეცოპერაცია ჩემ დასაშინებლად, გასანადგურებლად და გასაჩუმებლად! ყველაფერი რასაც პოსტივი ავრცელებს არის ფალსიფიცირებული ჩემი ფსიქოლოგიური ტერორისთვის… მიუხედავად ამ ორკესტრირებული პროვაკაციისა, მე არ შევწყვეტ მსხვერპლი ქალების დახმარებას და კონსულტირებას სამართლის პოვნის გზაზე!” – წერდა სამხარაძე “ფეისბუკზე”.

უფრო ადრე, გასულ კვირაში “ტაბულას” ყოფილმა ჟურნალისტმა შალვა რამიშვილი 7-8 წლის წინ, მისდამი განხორცილეებულ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამას მოჰყვა სხვა ქალების მხრიდან მსგავსი ბრალდებების გაჟღერება. სამხარაძე მათ მხარდაჭერას უცხადებდა.