“მინდა დავუბრუნდე ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს, კერძოდ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლას საქართველოში, რომელმაც ჩამოგვიტანა მთავარი სათქმელი – გერმანიას სურს საქართველომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი!
დიდი ამბავია ეს, ძაალიან დიდი! იმდენად დიდი, რომ ამ მდგომარეობის წარმოდგენა რამდენიმე წლის წინ დაუჯერებელიც კი იქნებოდა, ვინაიდან გერმანია ყოველთვის იყო ევროპის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების საკითხებს ამუხრუჭებდნენ.
დღეს კი ასეთი წარმოუდგენლად იღბლიანი შესაძლებლობა გვაქვს, გერმანიაც კი თავისი ფეხით ჩამოვიდა და თავისი პირით გვითხრა, გვინდა რომ ევროკავშორში მიგიღოთო, მოგვეცით ამის შესაძლებლობაო. ბრიუსელიდანაც კარგი ამბები ჟონავს. როგორც ჩანს, ქართველი ხალხის ბრძოლის დამსახურებით ბრიუსელში დამოკიდებულებები იცვლება.
რა უნდა ვქნათ?
გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც ვაკეთებდით, კერძოდ, ყველას, ვისაც კი ხმა მიუწვდება ევროპის სტრუქტურებთან (სამოქალაქო საზოგადოება, ექსპერტები, მოქალაქეთა გაერთიანებები, პროფესიული კავშირები, პროფესიული წრეები, პარტიები და ა.შ.), ყველამ ერთხმად უნდა ავუხსნათ ევროპელებს, რომ თუ ხელისუფლება არ იჩენს საკმარის ნებას, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, სტატუსი მითუმეტეს უნდა მოგვცენ, ვინაიდან ეს იქნება ის, რაც გაგვაძლიერებს საქართველოს მოქალაქეებს და დაამწუხრებს რუსეთის ხელისუფლებას.
კიდევ რა უნდა ვქნათ? მთელი წელი უნდა ვიყოთ ფხიზლად, რეაგირება მოვახდინოთ ნებისმიერ არადემოკრატიულ ნაბიჯზე, რაც ამ მიზანს დაგვაშორებს, როგორც ეს ვქენით რუსული კანონის მიღების დროს.
რთული პერიოდი იქნება, იქნება ბინძური თავდასხმები, მაგრამ როდესაც იცი, რომ შენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის იბრძვი, ამ პროცესში ყოფნა საამაყოა!”
წერს ამის შესახებ, ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.