15 ახალი პაციენტიდან 2-ის ინფიცირების წყარო უცნობია – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 15 ახალი პაციენტიდან ინფიცირების წყარო 13 შემთხვევაში ცნობილია და ისინი ბოლნისის, მარნეულის და თეთრიწყაროს კლასტერებიდან არიან. თუმცა უცნობია 2 პაციენტის ინფიცირების წყარო, რის გამოც ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 11 არასრულწლოვანი მკურნალობს, რომლების მდგომარეობაც კარგია, თუმცა, დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ტესტირების ჩატარება ნაადრევია, რამდენიმე დღეში დაიწყება.

ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით კორონავირუსზე სულ 349 პაციენტი მკურნალობს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 156 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.