15-წლიანი პაუზის შემდეგ ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Oasis-ი სცენაზე ბრუნდება

15 წლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Oasis-ი სცენაზე ბრუნდება  და გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში კონცერტებს აანონსებს. შესაბამისი ინფორმაცია, ძმების ლიამ და ნოელ გალაჰერების სოციალურ ქსელებში განთავსდა.

  • „დიდი ლოდინი დასრულებულია. მოდით, ნახეთ. ამას ტელევიზორით ვერ ნახავთ“, – აღნიშნულია ჯგუფის განცხადებაში.

BBC-ი წერს, რომ  ჯგუფი კონცერტებს გაერთიანებული სამეფოს და ირლანდიის მიღმაც გამართავს, თუმცა ამასთან დაკავშირებით ზუსტი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ბრიტანული ჯგუფი,  Oasis-ი 1991 წელს, მანჩესტერში დაარსდა  და 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფი გახდა.  არსებობის მანძილზე ჯგუფმა 7 სტუდიური ალბომი გამოუშვა და 75 მილიონზე მეტი ჩანაწერის ასლი გაყიდა. თუმცა ჯგუფი, ძმების, ლიამ და ნოელ გალაჰერების დაპირსიპირების გამო დაიშალა.

2009 წელს პარიზში ფესტივალ Rock en Seine-ს კულისებში ძმებს შორის მომხდარი მორიგი კონფლიქტის შემდეგ, ნოელ გალაჰერმა ჯგუფიდან წასვლის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ლიამთან ერთ სცენაზე ყოფნა აღარ შეუძლია. დარჩენილმა შემადგენლობამ, მაშინ სახელი Beady Eye-თი შეიცვალა, რომელმაც 2014 წლამდე იარსება. ბენდის დაშლის შემდეგ, ლიამმა სოლო კარიერა დაიწყო,. ნოელმა კი ჯგუფი – Noel Gallagher’s High Flying Birds დააფუძნა.