ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციით მოქალაქეებისთვის სამომხმარებლო სესეხის მაქსიმალური ვადა 3 წელი იქნება. ცვლილება შეეხება ყველა კატეგორიის სამომხმარებლო სესხებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკის გადაწყვეტილების მიზანი ფიზიკური პირების დაკრედიტების შემცირებაა. არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა ამჟამად 4 წლით არის განსაზღვრული. ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტების მაქსიმალური ვადის შეზღუდვა 15 აგვისტოდან ამოქმედდება და ის ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიზეზი ის სტატისტიკაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად მძიმეა ქვეყანაში სოციალური კრიზისი.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მკვეთრად არის მომატებული იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც ბანკს სესხის ასაღებად მიმართავს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქართულ ბანკებს ჯამში 4.2 მილიარდი ლარის მოცულობის არაუზრუნვლყოფილი სამომხმარებლო სესხები აქვთ გაცემული. გასულ წელს სამომხმარებლო კრედიტების პორტფელი 3.16 მილიარდი ლარი იყო, შესაბამისად ბოლო ერთ წელში ამ სესხების მოცულობა 34%-ით არის გაზრდილი. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი მაღალი ზრდის ტემპის გამო, სებ-მა ამ მიმართულებით რეგულაციის გამკაცრება გადაწყვიტა.
“სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გამოვიყენოთ მაკროპრუდენციული ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი არის 4 წლიდან 3 წლამდე შემცირება. როგორც მოგეხსენებათ, 2019 წელს ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ამოქმედდა, რამაც შეაჩერა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას.
მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. ამ ცვლილების გაანალიზების და საბანკო სექტორთან განხილვის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება ვადის 3 წლამდე შემცირების შესახებ. ეს ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში,” – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
სესხის ვადის შემცირება მოქალაქეებისთვის ყოველთვიურ გადასახადს გაზრდის, შესაბამისად სამომხმარებლო სესხი სულ უფრო ნაკლები ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.