ნაპოლეონის ქუდი პარიზში აუქციონზე 1,9 მილიონ ევროდ გაიყიდა

ქუდი, რომელიცა ნაპოლეონ ბონაპარტს ეკუთვნოდა მე-19 საუკუნეში საფრანგეთის იმპერატორობის დროს, პარიზში აუქციონზე 1,9 მილიონ ევროდ (დაახლოებით 2,1 მილიონ დოლარად) გაიყიდა.

შავი თახვის თექისგან დამზადებული საფრანგეთის იმპერატორის “ორრქიანი“ ქუდის (ე.წ. “ორკუთხა” ან “ბიკორნი”) საწყისი ფასი 600-800 ათასი ევრო იყო.

მყიდველმა, რომელმაც გაცილებით მეტი გადაიხადა, ვინაობა არ გაამჟღავნა.

ისტორიკოსები ამბობენ, რომ ქუდი ნაპოლეონის “ბრენდის” ნაწილი იყო. მას ის გვერდულად ეხურა, რითაც ბრძოლის ველზე ადვილად ცნობდნენ. საერთო ჯამში მას ჰქონდა 120-მდე ორკუთხა ქუდი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ატარებდა.

ითვლება, რომ ახლა მხოლოდ 20 ნიმუშია შემორჩენილი, ბევრი ასეთი ქუდი კერძო კოლექციებშია.

ქუდი აუქციონზე გაიტანეს ნაპოლეონის ეპოქის სხვა რელიქვიებთან ერთად, რომლებიც გასულ წელს გარდაცვლილი მრეწველის მიერ შეგროვდა..

აუქციონერებმა განაცხადეს, რომ სპეციალისტებისთვის ქუდი ნამდვილი “სალოცავია”.

აუქციონერმა ჟან-პიერ ოსენამ აღნიშნა: ”ხალხი ცნობდა ამ ქუდს ყოველთვის და ყველგან. როდესაც დაინახავდნენ მას ბრძოლის ველზე, იცოდნენ, რომ ეს ნაპოლეონი იყო.

„პირად ცხოვრებაში კი ან თავზე ატარებდა, ან ხელში ეჭირა და ხან მიწაზე აგდებდა. ეს იყო მისი იმიჯის ნაწილი – იმპერატორის სიმბოლო“, – ამბობს ჟან-პიერ ოსენა.

აუქციონერებმა განაცხადეს, რომ ამ კონკრეტულ ქუდს აქვს უნაკლო წარმოშობა, რომელიც მთელი 19–ე საუკუნის განმავლობაში ნაპოლეონის სასახლის კარის ინტენდანტის ოჯახში ინახებოდა.

აუქციონზე გაყიდულო ნაპოლეონის სხვა ნივთებია:  ვერცხლის ფირფიტა, რომელიც მოიპარეს ნაპოლეონის ეტლიდან 1815 წელს ვატერლოოში დამარცხების შემდეგ,ასევე  ხის ყუთი, რომელიც მას ეკუთვნოდა, რომელშიც შედიოდა საპარსები, ვერცხლის კბილის ჯაგრისი, მაკრატელი და სხვა ნივთები.