“ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობის, დავით დვალის მანქანა, რომელიც პარკინგზე იყო გაჩერებული დააზიანეს.
ინფორმაციას, “ფორმულა” ავრცელებს.
ვიდეო კამერის ჩანაწერების მიხედვით, უცნობი პირი კონკრეტულად დვალის მანქანასთან მიდის და მას აზიანებს. მსახიობი ფორმულასთან აღნიშნავს, რომ მოგვიანებით თავდამსხმელმა ინსცენირება მოაწყო, თითქოს ავტომანქანა კორპუსიდან გადმოვარდნილმა ნივთმა დააზიანა.
“დღეს დილას დამირეკა მეზობელმა, რომ შენი მანქანა დაზიანებულია და რა ხდებაო. რომ ჩამოვედი ძალიან ცუდ მდგომარეობაში დამხვდა. ჯერჯერობით ამოუცნობი პირი, დაახლოებით, 4 წუთის განმავლობაში წიხლებით აზიანებდა მანქანას. ფაქტი არის ძალიან სამწუხარო, ვანდალიზმია.
როგორც ჩანს, კვალის დაფარვის მიზნით, შემდეგ რომ გვეფიქრა, რომ ზემოდან რაღაც გადმოვარდა და იმიტომ დაზიანდა ავტომობილი, გადმოგდებულია დიდი საგანი […] ყველაფერი დასაშვებია. ზოგი ძალიან არაადეკვატურად აღიქვამს მსახიობის როლს და აიგივებს როლს და პერსონაჟს ერთმანეთთან”, – განაცხადა დავით დვალმა.