თეთრი სახლი რუსული Il-76-ის ჩამოვარდნის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს

თეთრ სახლს ჯერ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ რა დაემართა რუსულ Il-76-ს, რომელიც 24 იანვარს, რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა. კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ყველაფერს აკეთებს, რათა მეტი ინფორმაცია მიიღოს Il-76-ის ინციდენტის შესახებ.

  • “ამ ავიაკატასტროფის შესახებ კომენტარისთვის საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს. უკრაინელები ერთს ამბობენ, რუსები – მეორეს. ჩვენ ჯერ არ გაგვაჩნია ფაქტები, რომ ამაზე კომენტარი გავაკეთოთ.” – თქვა მან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას მოუწოდა “ჩაატარონ შესაბამისი გამოძიება და დაადგინონ ფაქტები.”

ცნობისთვის, გუშინ ბელგოროდის ოლქში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ბელგოროდის რაიონში ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ილ-76–ის ბორტზე იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ბელგოროდის რეგიონში გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ,  თვითმფრინავის ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი.

უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ „ეს მათი ნახელავია“. ეს ციტატა გამოაქვეყნეს Ukrayinska Pravda-მ და RBC-Ukraine-მა. წყაროს ცნობით, ჩამოვარდნილ ილ-76-ს არ გადაჰყავდა პატიმრები, არამედ დიდი ალბათობით გადაჰქონდა რაკეტები S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.

მოგვიანებით, უკრაინსკა პრავდამ დაარედაქტირა ახალი ამბები, და ამოიღო სიტყვები უკრაინელი სამხედროების “ნახელავის” შესახებ.

ამასთანავე, დღეს ცნობილი გახდა, რომ   „ილ-76“ -ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე შავი ყუთები იპოვეს, ისინი კარგ მდგომარეობაშია.

„ორივე შავი ყუთი აღმოაჩინეს – ფრენის პარამეტრების სარეგისტრაციო მოწყობილობა და ხმის ჩამწერი“, – განაცხადა წყარომ რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში.