16 დღის განმავლობაში რუსული აგრესიის შედეგად 79 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 100 დაშავდა – უკრაინაში ომის შედეგებზე ინფორმაციას ქვეყნის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
“ეს მაჩვენებელი საბოლოო არ არის იმის გამო, რომ არ არის შესაძლებელი ადგილების დათვალიერება, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს”, – აცხადებენ პროკურატურაში.
დაღუპულთა და დაჭრილთა უმეტესობა კიევის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონისა და ჟიტომირის ოლქებიდან არიან. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ეს მონაცემი არ არის სრული, რადგან რუსული საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ვერ ხერხდება დაზარალებული ტერიტორიების სრულყოფილად დათვალიერება.
დანგრეულია 280 სასწავლო დაწესებულება, მათგან 9 სრულად განადგურებულია. დონეცკის ოლქში დაზიანებულია 110 სასწავლო დაწესებულება, სუმში – 28, კიევში – 17.