”შედეგები ძალიან სერიოზული იქნება”– მსოფლიო შეშფოთებულია ისრაელის გეგმებით ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შესახებ ღაზას სამხრეთით

ისრაელზე საერთაშორისო ზეწოლა იზრდება ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაში ისრაელის თავდაცვის ძალების მოსალოდნელი შეტევის გამო. ქალაქი გადაჭედილია ანკლავის სხვა ნაწილებიდან იქ თავშეფარებული მშვიდობიანი მოქალაქეებით.

აშშ-ს ადმინისტრაციამ უკვე გააფრთხილა ისრაელი, რომ რაფაში შეჭრა ღაზაზე შეტევის ფარგლებში  “კატასტროფა” იქნება. შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირმა და გაერომ.

ამ კვირის ბოლოს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უბრძანა სამხედროებს მოემზადონ რაფაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰამასის წინააღმდეგ ახალი ოპერაციის დაწყებამდე.

„შეუძლებელია ომის მიზნის მიღწევა ჰამასის განადგურების გარეშე და რაფაში ჰამასის ოთხი ბატალიონის დატოვების შემთხვევაში . ნათელია, რომ რაფაში ინტენსიური ოპერაცია მოითხოვს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას საბრძოლო უბნებიდან“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უარყო ჰამასის უკანასკნელი ცეცხლის შეწყვეტის პირობები.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა თქვა, რომ ღაზას მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავს აფარებს რაფას და რომ იგი ღრმად შეშფოთებულია რაფაში სამხედრო შეტევის პერსპექტივით.

„პრიორიტეტი უნდა იყოს საომარი მოქმედებების დაუყოვნებელი შეჩერება დახმარების მიწოდებისა და მძევლების გათავისუფლებისთვის, შემდეგ კი მდგრადი, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისკენ მიღწევა“, – თქვა კამერონმა.

ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰანკე ბრუინს სლოტმა გააფრთხილა ისრაელი სამოქალაქო მოსახლეობის მნიშვნელოვანი მსხვერპლის შესაძლებლობის შესახებ.

შაბათს, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება გაფრთხილებით “უკიდურესად სერიოზული შედეგების” შესახებ, თუ რაფას შტურმის შემთხვევაში და გაიმეორა მისი “მოთხოვნა დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ”.

ჰამასის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მსხვერპლი შეიძლება  “ათობით ათასი ადამიანი” გახდეს.

ისრაელმა პალესტინის ანკლავში ოპერაციები 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში ჰამასის ტერორისტული  თავდასხმის შემდეგ დაიწყო , რომლის დროსაც 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასობით სასტიკად აწამეს, დაჭრეს, დაასახიჩრეს ან მძევლად წაიყვანეს ღაზაში.

დაახლოებით 150  ისრაელის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები კვლავ მძევლად რჩებიან ბოევიკების ხელში.

ჰამასის მტკიცებით, რომლის დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია, დაახლოებით 28 ათასი პალესტინელი დაიღუპა ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.

ისრაელის სამხედრო ძალები თანდათან გადაადგილდებიან ზოლის სამხრეთით, მაშინ როცა კამპანიის საწყის ეტაპზე სამხედროებმა ღაზას სამოქალაქო მოსახლეობას რეკომენდაცია გაუწიეს სამხრეთით, აქტიური საომარი მოქმედებების ზონიდან მოშორებით გადასულიყვნენ. მაშინ ოპერაცია ძირითადად ანკლავის ჩრდილოეთით მიმდინარეობდა.