ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საერთაშორისო ინსტიტუტები პროგნოზირებენ, რომ აგვისტოს მეორე ნახევრიდან საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად 60-70 ადამიანი გარდაიცვლება.
“აქტიური შემთხვევების კუმულაციური რაოდენობა იმდენად მაღალია, რომ ყველა, ჰელსმეტრიკი იქნება თუ სხვა ინსტიტუტები, რომლებიც ზომავენ ამას, 15-16-17 აგვისტოდან პროგნოზირებენ თითქმის 50-60-70 ადამიანის გარდაცვალებას ყოველდღიურად. ბუნებრივია, იმიტომ რომ ახლა ავადობა იმატებს და სიკვდილობა მას ორი-სამი კვირის მერე მოყვება. ჯერ იბრძვიან ექიმები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ ეს რესურსიც ამოგვეწურება”,– ამბობს კულუმბეგოვი “ფორმულასთან” საუბრისას.
მისივე განცხადებით, სახელმწიფოს მაინც მოუწევს შეზღუდვების დაწესება და თუ ეს დროზე მოხდება, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება.
“ახლა ჰუმანიტარული კატასტროფის, რომ სახლში დაიღუპონ ადამიანები და სამედიცინო სერვისი ვერ მიიღონ, ზღვარზეა ქვეყანა. შეიძლება 10 დღე, 2 კვირა თუ ეს შემთხვევები გაიზარდა, გაუძლოს ქვეყანამ, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებს. რაციონალური შეზღუდვები აუცილებლად შემოსაღებია. ჩვენ არ ვამბობთ ტოტალური ლოკდაუნის გამოცხადებას და ყველაფრის დაკეტვას, როგორც იყო 2020 წლის გაზაფხულზე”,– აღნიშნა კულუმბეგოვმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 38 ადამიანი.