ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ესტონეთის ელჩი საქართველოში და სომხეთში, მარგე მარდისლაუ-კაჰარი, რომელიც აქამდე თბილისში ცხოვრობდა, სომხეთში გადაიყვანოს და საქართველოში საქმიანობა შეუწყვიტოს.
ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს სადაც ნათავამია, რომ გადაწყვეტილება განპირობებულია – “საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის გაციებით და სომხეთთან კონტაქტების გაძლიერებით”.
ესტონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ 11 თებერვალს აცნობეს ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მარგე მარდისალუ-კაჰარი თავის საქმიანობას თბილისში 10 მარტს დაასრულებს, ახალი ელჩის დანიშვნამდე კი საქართველოში ესტონეთის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული გიტა კალმეტი უხელმძღვანელებს.
მარგე მარდისალუ-კაჰარი საქმიანობას სომხეთის დედაქალაქში ერევანში გააგრძელებს ელჩის სტატუსით, სადაც ესტონეთი მარტში საკუთარი საელჩოს გახსნას გეგმავს. სომხეთში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მთავრობამ გასული წლის ნოემბერში მიიღო.
ესტონეთმა და საქართველომ საელჩოები 2006 და 2007 წლებში გახსნეს, თუმცა ამჟამად საქართველოს ესტონეთში ელჩი არ ჰყავს.















