საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად გაუქმდა

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა – ამიერიდან, მათ შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას ვიზა მოეთხოვებათ.

“საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირში დიპლომატიური ან ოფიციალური მიზნით გამგზავრებისას დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი უნდა გამოიყენონ. ამ წესის შეუსრულებლობამ, შესაძლოა, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა გამოიწვიოს.გარდა ამისა, როცა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელები შენგენის ვიზაზე განაცხადს შეავსებენ, წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაცია ეძლევათ, საფუძვლიანი შემოწმება ჩაატარონ, ჰქონდეთ გასაუბრება და განმცხადებლებისგან დამატებითი დოკუმენტები მოითხოვონ. განმცხადებლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვის შეტანის შემთხვევაში, წევრ სახელმწიფოებს ვიზის გაცემაზე უარის თქმა შეეძლებათ”. – წერს ევროკომისია.

ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს, რომ ევროკავშირის საზღვრის კვეთის დროს საქართველოს ყველა მოქალაქე გაძლიერებულად შეამოწმონ.

“ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე შემოწმდეს ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზაში – როგორიცაა სავიზო საინფორმაციო სისტემა, შენგენის საინფორმაციო სისტემა და სხვა საჯარო მონაცემთა ბაზები. შესვლა/გასვლის სისტემა (EES), რომელიც ევროკავშირში 2025 წლის წლის ოქტომბრიდან თანდათანობით ინერგება, უსაფრთხოების შემოწმების დამატებით მექანიზმს უზრუნველყოფს”. – წერია ევროკომისიის განცხადებაში.