მდგომარეობა არსებითი ცვლილებების გარეშეა, გადაყვანა არ განიხილება – სარჯველაძე პატრიარქზე

“მდგომარეობა არსებითი ცვლილებების გარეშეა, გადაყვანა არ განიხილება ” –  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

“მდგომარეობა კვლავაც არის პრაქტიკულად არსებითი ცვლილებების გარეშე და რაიმე არსებითი დინამიკის გარეშე. ჩვენ ვცდილობთ, რომ გარდა სტანდარტული, კლასიკური მეთოდოლოგიისა, მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ ყველა მოსაზრებას, ყველა კომპეტენტურ აზრს, ყველა განსხვავებულ აზრს, რომელიც შეიძლება საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული – იქნებ აღმოჩნდეს რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურები.აქ არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, ცნობილი რეანიმატოლოგები, შესაბამისად, მათთან კონსულტაციების გავლა არის, რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია” – განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება პატრიარქის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან ან უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, სარჯველაძე ამბობს, რომ “ამ წუთას მსგავსი რამ, მაგალითად უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება.

“რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, როგორც და რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, ბუნებრივია, რომ იქნება უზრუნველყოფილი. უკლებლივ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ ასეთი საჭიროება იქნეს უზრუნველყოფილი. უნდა ვუთხრა საზოგადოებას, უკლებლივ ყველაფერი, რაც აუცილებელია პაციენტისთვის, რომ ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს, უზრუნველყოფილია. ჩვენ ვმსჯელობთ, ვფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რით შეიძლება კიდევ უფრო მეტი რესურსი იქნეს ჩართული იმისთვის, რომ უწმინდესის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ადამიანი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რეანიმაციაში, პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ არავინ მისი მდგომარეობით არ შეიძლება დღეს კმაყოფილი იყოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ უწმინდესის მდგომარეობა” – განაცხადა სარჯველაძემ