18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქემ 1000 ლარი უნდა მიიღოს, ყველა ბავშვმა 500 ლარი – ენმ-ს გეგმა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ მოქალაქეების დასახმარებლად ფინანსური გეგმა წარადგინა. გეგმის მიხედვით, რომელსაც პარტია მთავრობას სთავაზობს, ყველა მოქალაქემ, რომელიც 18 წლის ზემოთაა, 1000-ლარიანი დახმარება უნდა მიიღოს, ხოლო ყველა ბავშვმა 500-ლარიანი.

მისი თქმით, პარტიას აქვს სამართლიანი მხარდაჭერის გეგმა, რაც გულისხმობს ფულად დახმარებას ყველასთვის.

მელია აცხადებს, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს ეს არის უალტერნატივო და უპირობო გეგმა, რომელიც საზოგადოებას დაეხმარება, ამიტომ ხელისუფლებამ ის უნდა გაითვალისწინოს.

,,ჩვენ ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან, რეფორმების გუნდთან ერთად და ერთადერთ სწორ გამოსავლად მიგვაჩნია, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ეს არის სწრაფი, სამართლიანი მხარდაჭერის გეგმა. ყველა მოქალაქეს, 18 წლის ზემოთ – 1000 ლარი, გარდა იმ მოქალაქეებისა, ვისაც შემოსავალი აქვთ 40 ათასი ლარი და ზემოთ და ყველა ბავშვს 500 ლარი. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ, ეს არის მისხალ-მისხალ დათვლილი პროგრამა, თუ როგორ და რანაირად უნდა გავუმართოთ ხელი საკუთარ ხალხს“, -განაცხადა ნიკა მელიამ.