18 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით აღდგება ტრანსპორტი და სავაჭრო ობიექტები გაიხსნება – მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც 2020 წლის 26 ნოემბერს გამოიცა, 2021 წლის 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა, თუმცა შაბათ-კვირის გარდა. ვინაიდან 16 და 17 იანვარი შაბათ-კვირაა მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები 18 იანვრიდან აღდგება.

16 იანვარი – 31 იანვარი  ქვეყნის მასშტაბით:

  • აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
  • შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.

„შეზღუდვების პროგრამა 16 იანვრის შემდეგ ითვალისწინებს გარკვეულწილად სავაჭრო ობიექტების გახსნას, გარდა შაბათ-კვირისა. ასევე ტრანსპორტის გააქტიურებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ეს გეგმა ექვემდებარება ადაპტირებას იმის მიხედვით, როგორი ეპიდემიური სურათი გვექნება. თუმცა ჯერჯერობით, ის რაც არის დაანონსებული, ვიცით, რომ 16 იანვრის შემდეგ შერბილება შეზღუდვებთან მიმართებაში იგეგმება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ 3 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით შეზღუდულია:

  • 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;
  • მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
  • რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. (დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი”, „დრაივი”);
  • ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
  • ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
  • სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

დიდ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში – და სათხილამურო კურორტები – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

  • ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
  • სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
  • ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
  • სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
  • კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

სათხილამურო კურორტეზე ასევე:

  • სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
  • ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით:

  • ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
  • აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
  • არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:
ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:

  • სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
  • საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
  • სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
  • დელივერსა და გატანის სერვისებს;
  • სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
  • ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
  • აგრარული ბაზრობის მუშაობას
  • და სხვ.
  • არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.