Washington Post: აშშ–ის ბაზის თავზე, სადაც მაღალჩინოსნები ცხოვრობენ უცნობი დრონები შენიშნეს

უცნობი დრონები შენიშნეს აშშ-ის ბაზის თავზე, სადაც ცხოვრობენ მარკო რუბიო და პიტ ჰეგსეთი – წერს Washington Post.

ვაშინგტონში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა ფორტ-მაკნეირის თავზე, სადაც ცხოვრობენ მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირები, მათ შორის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, დაფიქსირდა დაუდგენელი წარმომავლობის უპილოტო აპარატები. The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ დაუდგენია, ვინ გაუშვა ისინი.

ვაშინგტონში შენიშნული დრონები გამოჩნდა იმ ფონზე, როდესაც აშშ-მ გამოაცხადა გლობალური გაფრთხილების დონე საზღვარგარეთ მდებარე დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის და ქვეყნის შიგნით რამდენიმე ბაზა დახურა საფრთხეების გამო. ამ კვირაში ნიუ-ჯერსიში მდებარე გაერთიანებულმა ბაზამ მაკგუაირ-დიქს-ლეიქჰერსტმა და ფლორიდაში მდებარე მაკდილის ავიაბაზამ სამხედროების დაცვის დონე „ჩარლი“-მდე გაზარდეს.  ეს ნიშნავს, რომ სარდლობას აქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს შესაძლო თავდასხმაზე ან საფრთხეზე. უფრო მაღალი დონე მხოლოდ „დელტაა“, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც თავდასხმა უკვე მოხდა ან მოსალოდნელია.

Washington Post-ის ცნობით, აშშ-ში შიშობენ, რომ ირანის საპასუხო მოქმედებები შეიძლება გავრცელდეს ამერიკელ ოფიციალურ პირებზე. აღნიშნულია, რომ ფორტ-მაკნეირის თავზე დრონების გამოჩენის გამო ხელმძღვანელობამ განიხილა მაღალი რანგის ოფიციალური პირების სხვა ადგილას გადაყვანის შესაძლებლობაც, თუმცა ჯერჯერობით ისინი არ გადაუყვანიათ. მათი ბაზაზე განთავსების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებამ ოქტომბერში გაავრცელა.

ფორტ-მაკნეირზე განთავსებულია ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტი და პენტაგონის ზოგიერთი ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო ხელმძღვანელი. ტრადიციულად, ბაზაზე პოლიტიკური ლიდერები არ ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაციის უფრო და უფრო მეტი წარმომადგენელი გადავიდა ამ რაიონში მდებარე ბაზებზე უსაფრთხოების მოსაზრებებით.

ბაზა მოხერხებულად მდებარეობს კაპიტოლიუმის გორაკთან და თეთრ სახლთან ახლოს, თუმცა მას არ აქვს ისეთი მასშტაბის უსაფრთხოების ზონა, როგორიც სხვა ბაზებს აქვთ დედაქალაქის რეგიონში.