მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა
„კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე. მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლენს წირვას. მსოფლიოს პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას. ის აუგებს წესს მღვდელმთავრებთან ერთად.
შემდეგ იქნება სიტყვით გამოსვლა, ქადაგება სხვადასხვა მოღვაწეებისა, უწმინდესის შესახებ. უკვე შემდეგ სიონში გადავასვენებთ უწმინდესს და იქ დაიკრძალება. ოფიციალურად სტუმრების სიას გამოაქვეყნებს საპატრიარქოს გვერდი.
ფიზიკურად ხედავთ რა ხდება, მეტროდან იწყება მოქალაქეების რიგები, უწყვეტად მრავალი საათის განმავლობაში და მით უმეტეს დაკრძალვის დღეს ბევრად მეტი ადამიანი იქნება. ალბათ, გადაჭედილი იქნება მთელი ტერიტორია, სამებიდან სიონის ტაძრამდე. ტაძარში შესვლაზე იქნება გარკვეული შეზღუდვები, მხოლოდ საშვებით იქნება დაშვება. სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს და შესვლა იქნება მხოლოდ საშვებით. ეზოში მოქალაქეები, დიდი ალბათობით, ჩვეულებრივად იქნებიან. ეგეც გაირკვევა, დადგენის პროცესია როგორ იქნება პროტოკოლი. ისევე როგორც მედიაზე. შიგნით არ იქნება დაშვება, გარეთ გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ.
რაც შეეხება გადასვენებას, ზუსტად ვერ გეტყვით, რომელზე იქნება გადასვენება, რა დროს მობრძანდება მსოფლიო პატრიარქი, რამდენ ხანს გაგრძელდება წესის აგება, სიტყვით გამოსვლა, გამოსვენება, დაახლოებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე, სავარაუდოდ“, – განაცხადა იოვანე მჭედლიშვილმა.















