22 მარტს 02:00–დან 09:00 საათამდე მოქალაქეებისთვის სამების ტაძარი დაიკეტება

22 მარტს, 02:00 საათიდან 09:00 საათამდე, მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძარში შესვლას ვერ შეძლებენ. ამ პერიოდში ტაძარის მსახურებისთვის მომზადება მოხდება.დროის ამ მონაკვეთში მოქალაქეებს უფლება ექნებათ სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ეზოში, გაჩერდნენ, თუმცა უშუალოდ ტაძარში ვერ შევლენ.

თუმცა მღვდელმსახურები მედიას ეუბნებიან, რეგულაციები ყოველ წუთში იცვლება, რადგან სინოდის წევრები ხშირად იკრიბებიან და მსჯელობენ სხვადასხვა საკითხზე.

კვირა დილიდან, 22 მარტიდან სამების ტაძარში ხალხს მხოლოდ სპეციალური საშვებით შეუშვებენ.

მღვდელმსახურების განმარტებით, სამების საკათედრო ტაძარში კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე და მსახურებას  პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

კვირა დილიდან სამების ტაძარში ხალხს მხოლოდ სპეციალური საშვებით შეუშვებენ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქი თბილისში 11:00 საათზე ჩამოფრინდება და ის პატრიარქისთვის წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას.

შაბათ-კვირას თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა.

მეტროსადგურებში ჩასულ მოქალაქეებს ტურნიკეტებთან ბარათის გატარება აღარ დასჭირდებათ.

მეტრო დილის 6 საათიდან ღამის 2 საათამდე იმუშავებს.

ამასთან, დღეიდან თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.

შეზღუდვა შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს.

ილია მეორის ცხედარი სამებაში 18 მარტს, დღის მეორე ნახევარში გადაასვენეს საპატრიარქოდან და მას შემდეგ მომლოცველთა ნაკადი არ შეწყვეტილა. საქართველოს პატრიარქს კვირას სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.