ნიუ-იორკის შტატში მცხოვრები ადამიანების 80% ახალი კორონავირუსით დაავადება, ამბობს შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო. შტატის გუბერნატორი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ფედერალურ მთავრობასთან ერთად ცდილობს ვითარების კონტროლს.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გუბერნატორი აცხადებს, რომ უნდა გაიზარდოს საავადმყოფოების რაოდენობა რათა შტატმა მოახერხოს და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ყველა დაავადებულ ადამიანს.
“ვერ ვიტყვით რომ გავაორმაგოთ საავადმყოფოების შესაძლებლობები, მაგრამ 50%-ით მაინც უნდა გავზარდოთ, რომ ვითარებას გავუმკლავდეთ,” – ამბობს ნიუ-იორკის გუბერნატორი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით შტატში 20 000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 150-ს აჭარბებს. ქალაქ ნიუ-იორკში დაინფიცირებულია 12 000-ზე მეტი ადამიანი. ყოველდღიურად ნიუ-იორკში კორონავირუსზე ტესტირება უტარდება 16 000 ადამიანს.
ნიუ-იორკში მოეწყობა დამატებითი საავადმყოფოები უკვე გამოყოფილია სპეციალური სივრცეები, როგორც ქალაქ ნიუ-იორკში ასევე შტატის სხვადახვა ქალაქში. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ნიუ-იორკში დროებით მოეწყობა საავადმყოფო, რომლის ხარჯებსაც სრულად ფედერალური ხელისუფლება დაფარავს. ეს საავადმყოფო 1000-ადამიანზე იქნება გათვლილი. შტატში უკვე გაიგზავნა სამხედრო გემი, რომელზეც ასევე იქნება შესაძლებელი დაინფიცირებულთა მიღება და მკურნალობა.
აქვე ნიუ-იორკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ვითარება. “არავინ ვიცით და ვერავინ გეტყვით ეს იქნება 4 თვე, 6, თუ 9. ერთი, რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ ეს ვითარება რამდენიმე თვეს გასტანს,” – თქვა მან.
ნიუ-იორკის შტატი მიმართავს ექიმებს, რომლებიც ამ დროისთვის არ მუშაობენ, დარეგისტრირდნენ სპეციალურ ვებგვერდზე და მოცემულ ვითარებაში შტატს დახმარება გაუწიონ.
“მნიშვნელოვანია! ნიუ-იორკი მიმართავს ყველა არამოქმედ ექიმს ან პენსიაზე გასულ მედიკოსებს, სტუდენტებს, გამოიჩინეთ კეთილი ნება და დაგვეხმარეთ გავუმკლავდეთ მოცემულ მდგომარეობას. ჩვენთვის ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია” – ამბობს ენდრიუ კუომო. კუომომ დღესვე აღნიშნა, რომ რეგისტრაცია ვებგვერდზე უკვე გაიარა 30 000-მდე ადამიანმა, რის გამოც ის მათ მადლობას უხდის.
წყარო: ამერიკის ხმა